(რომაელთა 3:10-31)
“როგორც სწერია: “არავინ არის მართალი,
არავინ არის გონიერი; არავინ ეძებს ღმერთს.
ყველანი გზას ასცდნენ, აღარავინ გამოდგება. არ არის სიკეთის მქმნელი,
არ არის არავინ.
მათი ხორხი ღია სამარეა. ენებით ცრუობენ. მათ ბაგეებზე ასპიტის გესლია.
მათი პირი წყევლით და გესლით არის სავსე.
მათი ფეხები სწრაფია სისხლის დასაღვრელად.
ნგრევა და უბედურებაა მათ გზებზე
და მშვიდობის გზა არ იციან.
ღვთის შიში არ არის მათ თვალწინ.”
ხოლო ჩვენ ვიცით, რომ, რასაც რჯული ამბობს, რჯულის ქვეშ მყოფთათვის ამბობს, რათა დაიხშოს ყოველი ბაგე და მთელი სოფელი ბრალდებული გახდეს ღვთის წინაშე. იმიტომ, რომ რჯულის საქმეებით ვერცერთი ხორციელი ვერ გამართლდება მის წინაშე, ვინაიდან რჯულით შეიცნობა ცოდვა. ხოლო ახლა, რჯულისგან დამოუკიდებლად, გამოჩნდა ღვთის სიმართლე, რომელსაც მოწმობენ რჯული და წინასწარმეტყველნი, ღვთის სიმართლე იესო ქრისტეს რწმენით ყველა მორწმუნისადმი, ვინაიდან არ არის განსხვავება, ვინაიდან ყველამ შესცოდა და მოკლებულნი არიან ღვთის დიდებას, და უსასყიდლოდ მართლდებიან მისი მადლით, ქრისტე იესოში გამოსყიდვით, რომელიც წინდაწინ დააყენა ღმერთმა შენდობის მსხვერპლად რწმენის მეშვეობით, მისსავე სისხლში, რათა უწინ ჩადენილ ცოდვათა მიტევებით გამოჩენილიყო მისი სიმართლე ღვთის სულგრძელებაში, რომ ამჟამად გამოჩნდეს მისი სიმართლე, რათა იგი იყოს მართალი და იესოს მორწმუნის გამმართლებელი. სადღაა დასაკვეხნი? აღარ არსებობს. რომელი რჯულით? საქმეთა რჯულით? არა, არამედ რწმენის რჯულით. რადგან მიგვაჩნია, რომ რწმენით მართლდება კაცი, რჯულის საქმეთაგან დამოუკიდებლად. განა ღმერთი მარტო იუდეველთა ღმერთია? განა წარმართებისაც არა? დიახ, წარმართებისაც. ვინაიდან ერთია ღმერთი, რომელიც ამართლებს წინადაცვეთილებს რწმენის გამო და წინადაუცვეთელებს - რწმენით. მაშ, ჩვენ რწმენით ვაბათილებთ რჯულს? არამც და არამც. არამედ განვამტკიცებთ რჯულს.”
ადამიანებს არაფერი აქვთ დასაკვეხნი ხორცით
რომაელთა 3:10-12 ამბობს, "არავინ არის მართალი, არავინ არის გონიერი; არავინ ეძებს ღმერთს. ყველანი გზას ასცდნენ, აღარავინ გამოდგება. არ არის სიკეთის მქმნელი, არ არის არავინ".
ჩვენ ყველანი ხორცის გამო ღვთის წინაშე ცოდვებით ვართ სავსე. შეუძლია თუ არა ადამიანს ხორცის მეშვეობით, თავისით მართალი გახდეს? არსებობს მართალი ხორცი ღმერთის წინაშე? ადამიანი ვერასოდეს გამართლდება ხორცით. ხორცი ვერასოდეს იქნება მართალი, იესო ქრისტეს მეშვეობით ცოდვებისგან განთავისუფლების გარეშე.
მათ, ვისი ცოდვებიც ამოიშალა, არაფერი აქვთ საამაყო თავისი ხორცით. ჩვენც, ვისი ცოდვებიც ამოშლილია, ასევე არ შეგვიძლია განვერიდოთ ჩვენს ხორცს და სიკეთის კეთების უნარი არ გაგვაჩნია. ჩვენ არ შეგვიძლია იმის თქმა რომ სათნო ცხოვრებით ვცხოვრობთ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ვემსახურებით უფალს და სულიერ საქმეს ვაკეთებთ.
როგორც იესომ თქვა: "ხორცისაგან შობილი ხორცია და სულისაგან შობილი სულია" (იოანე 3:6). ხორცს მხოლოდ გულისთქმების დაკმაყოფილება სურს, ხოლო სულს სურს სულით სიარული. ხორცი ვერასოდეს გარდაიქმნება სულად.
ყველა ადამიანი ცოდვილი იბადება, ცხოვრობს ცოდვის ქვეშ, ამაოებაში კვდება და საბოლოოდ ჯოჯოხეთის ცეცხლის ტბაში ვარდება. მათ არ ექნებოდათ იმედი, ღმერთს თავისი ერთადერთი ძე ამ სოფლად რომ არ გამოეგზავნა, რათა დაეხსნა ისინი ყველა მათი ცოდვებისგან. თუ ჩვენ რაიმე იმედი გვაქვს, ეს მხოლოდ იმიტომაა რომ ღმერთმა მოგვანიჭა ეს ჭეშმარიტი იმედი. რომ არა ღმერთი, ჩვენ არც სამართლიანობა და არც იმედი არ გვექნებოდა. ეს ნამდვილად ასეა, როდესაც ჩვენ ვიკვლევთ ამ ქვეყნად მცხოვრები თითოეული ადამიანის ბედს, ჩემის და თქვენის ჩათვლით.
მიუხედავად იმისა რომ ჩვენ ბიბლიაში „ყოველი ქმნილების მბრძანებლებად“ ვართ წოდებული, ჩვენ, ჩვენი ნების მიუხედავად, გვიწერია ცოდვილებად დაბადება, ცხოვრების ამაოებაში გატარება და ჯოჯოხეთში წასვლა. რაოდენ წარმავალნი ვართ! ჩვეულებრივ, ადამიანის ეფემერულ ცხოვრებას ჩვენ შუადღის ბუზანკალასთან ვაიგივებთ, რომელიც იბადება და მთელ თავის ცხოვრებას ერთ დღეში ამთავრებს, კვდება და უაზროდ მტვერში ბრუნდება. ჩვენ არ გვაქვს იმედი იესოს გარეშე. ერთადერთი რამ, რასაც ადამიანი ამ ცხოვრებაში გარდაუვლად აკეთებს, რაც არ უნდა ცნობილი იყოს იგი ან რამდენად დიდი არ უნა იყოს მისი მოღვაწეობა, არის დაბადება, ჭამა, სმა, სიკვდილი და ჯოჯოხეთში წასვლა. ჩვენ ვცხოვრობთ ამაოდ და ვქრებით ამაოდ და მარადიული განკითხვისთვის ვართ განკუთვნილი.
ამასთანავე, ცოდვის ცოდნის მოსაცემად, ღმერთმა მოგვცა რჯული, და შემდეგ უსასყიდლოდ გაგვამართლა თავისი მადლით იესო ქრისტეში, ცოდვების მიტევების გზით. მან მოავლინა თავისი მხოლოდშობილი ძე იესო, რომელმაც ყველა ჩვენი ცოდვა აიღო და ჯვარს ეცვა, რათა შემწყნარებელი მსხვერპლი გამხდარიყო მათთვის, ვისაც მისი ნათლობის და სისხლის სწამდა. ღმერთმა დაადგინა იესო, ჩვენთვის შემწყნარებელ მსხვერპლად და ყველანი მართალნი გაგვხადა.
როგორ შეუძლიათ მათ, ვისაც ცოდვების მიტევება აქვთ, მართლებად გახდომა? გაგვაჩნია ჩვენ, ვისაც ცოდვების მიტევება გვაქვს, ხორციელი სიმართლე? გვაქვს რაიმე თვისება, რომლის გამო ღვთის წინაშე კვეხნა შეგვიძლია? ჩვენ არაფერი გვაქვს დასაკვეხნი ხორცით. ღმერთის, ჩვენი უფლის გამო, ჩვენ ვართ ბედნიერნი ვართ და მადლობას ვუხდით მას, რადგან გვაქვს ცოდვების მიტევება, ხსნის დასტური და მარადიული სიცოცხლე.
ჩვენ, ვისაც ცოდვების მიტევება გვაქვს, არაფერი ვართ ღმერთის გარეშე. გააჩნია ადამიანის ხორცს რაიმე საამაყო? მართალია საერთოდ ხორცი? გვაქვს თუ არა რაიმე საამაყო ჩვენი ცხოვრების 70-80 წლის მანძილზე? ადამიანს არანაირი სიმართლე არ გააჩნია. რითი უნდა ვიამაყოთ ღვთის წინაშე? ხორცს მართლაც არაფერი აქვს საამაყო. ხორცს არაფერი აქვს დასაკვეხნი ღვთის წინაშე, არც კი 0.1%.
ერთადერთი რითიც შეგვიძლია ვიამაყოთ, არის ღვთის სიმართლე
ჩვენი დასაკვეხნი მხოლოდ ისაა, რომ უფალმა ჩვენი ცოდვებისგან გვიხსნა, როგორც წერია: "ხოლო ახლა, რჯულისგან დამოუკიდებლად, გამოჩნდა ღვთის სიმართლე, რომელსაც მოწმობენ რჯული და წინასწარმეტყველნი". უფალი არის ჩვენი მარადიული სიცოცხლე და მაცხოვარი. მან ჩვენ მართლები გაგვხადა. ჩვენ გავმართლდით, რადგან იესომ სრულყოფილად გადაგვარჩინა. ჩვენ არაფერი გვაქვს დასაკვეხნი ჩვენი ხორცით ან რჯულის საქმეებით. ჩვენ ვუმადლით და ვადიდებთ უფალს მისი ნათლობისთვის, რომელშიც მან სამყაროს ყველა ცოდვა ჩამორეცხა, რათა მთელი სამართლიანობა აღესრულებინა.
ჩვენ რწმენის სამართლიანობას ვღებულობთ. უფალმა მსოფლიოს ყველა ადამიანი, გამონაკლისის გარეშე, ცოდვებისაგან იხსნა. ღვთის ხსნა ჩვენ გვახარებს და იმედს გვაძლევს. ის ჩვენ განახლებული ძალით გვავსებს. ჩვენ არაფერი გვაქვს საამაყო, უფლის გარდა. ჩვენ არ ვიკვეხნით ღვთის წინაშე ჩვენი სიმართლით, რადგან თავისთავად სამარცხვინო არსებები ვართ. ბევრი ცდილობს ღმერთს თავისი პირადი ძალისხმევა შესწიროს თავისი საქმეების სიქადულით და თვითსიმართლით, მაგრამ მათი თავმოყვარე ეგო ბინძურ სამოსელს წააგავს. მათ შეიძლება ერთმანეთში ან საკუთარი თავის წინაშე დაიკვეხნონ, მაგრამ ვერაფრით - ღვთის წინაშე.
უფალი არის ჩვენი სრულყოფილი მაცხოვარი. "იესო" ნიშნავს "მაცხოვარს" და მას ასევე ქრისტე ეწოდება. ეს ნიშნავს, რომ ადამიანთა მსგავსებით მოსული მაცხოვარი იყო ღმერთი. ჩვენ მას "იესო ქრისტეს" ვეძახით. იესო არის ჩვენი მხსნელი და უფალი. ჩვენ მადლობას ვუხდით ღემრთს, ვადიდებთ მას, ვიღვაწით სამართლიანი საქმეებით მის წინაშე და ვეწევით ერთგულ ცხოვრებას, რადგან ღმერთმა სრულყოფილად გვიხსნა. მხოლოდ ღვთის მორწმუნეებს შეუძლიათ ჭეშმარიტად სამართლიანი საქმეების კეთება.
ჩვენ ახლა შეგვიძლია ცოდვის გარეშე, სამართლიანად ვიშრომოთ, ვინაიდან უფალმა გააქრო წუთისოფლის ყველა ცოდვა და გახდა ჩვენი მაცხოვარი, რომელმაც ყველა ჩვენი ცოდვისგან გვიხსნა. ჩვენით ვერასდროს მოვაგვარებდით ცოდვის პრობლემას. ადამიანს არ ძალუძს ხორციელი კეთილი საქმეების კეთებით არც საკუთარი ცოდვების ამოშლა და არც ღვთის სამართლიანობის შენარჩუნება.
ღმერთმა ამოშალა ყველა ჩვენი ცოდვა და ჩვენ ღვთის სამართლიანობა მივიღეთ. ჩვენ ვართ მართლები. შეგვიძლია თუ არა შევინარჩუნოთ ჩვენი სიმართლე კეთილი საქმეების მიერ ჩვენი ხორცის განწმენდით? ამის გაკეთება ვინმეს რომ შეეძლო, ის ალბათ იესოს უფროსი ძმა ან და იქნებოდა. იესო ვერასოდეს იქნება მხსნელი ასეთი ადამიანისთვის. ჩვენ გაგვაჩნია საკუთარი ხორცისა და ემოციების ძალით ჩვენი სამართლიანობის შენარჩუნების ინსტინქტი, ამის გაცნობიერების გარეშე. ხორცი მოქმედებს ინსტინქტის საფუძველზე. ჩვენ ინსტინქტურად ვებრძვით საფრთხეს, როცა მას ვხვდებით, ვმსუნაგობთ როცა გემრიელ საჭმელს ვხედავთ, და გართობა გვსურს როდესაც რაიმე საინტერესოს და მიმზიდველს აღმოვაჩენთ.
ჩვენ ინსტინქტურად გვინდა ღვთის სამართლიანობის ხორციელი ძალით შენარჩუნება, რადგან ხორცი მოქმედებს ინსტინქტზე. თუმცა, ჩვენ ამის გაკეთება არ შეგვიძლია. ჩვენი ხსნა ჩვენი პირადი სიმართლით არ ხდება. ჩვენ ვერასოდეს ვიხსნით თავს რჯულის ზედმიწევნით დაცვით, ხორციელი კეთილი საქმეების კეთებით ან ღვთისადმი თავდადებით. ჩვენი მიღწევები არ შედის ღვთის სამართლიანობაში, თუნდაც 0.1%-ით. ჩვენ ვმართლდებით იმის რწმენით, რომ ღმერთი მოვიდა ამ ქვეყნად ადამიანის მსგავსებაში და მოინათლა იოანე ნათლისმცემლისგან, ვიდრე ჯვარს ეცმეოდა, რათა აღესრულებინა მთელი სიმართლე, რამაც სრულყოფილად გვიხსნა ჩვენი ცოდვებისგან.
უფალი, რომელმაც გვიხსნა, არის სრულყოფილი მხსნელი
უფალმა აღასრულა მთელი სამართლიანობა, წაიღო ყველა ცოდვა, რომელსაც ადამიანები მთელი სიცოცხლის განმავლობაში სჩადიან, გახდა მათთვის სრულყოფილი მხსნელი და ყველანი მართლები გაგვხადა. ღმერთმა სრულყოფილები გაგვხადა მთელი სამართლიანობის აღსრულებით. ღმერთმა ასევე მოგვანიჭა სულიერი შრომის უნარი. ახლა ჩვენ გვაქვს უფლება ვიშრომოთ ღვთის წინაშე, რადგან მივიღეთ მისი სამართლიანობა, გავხდეთ უცოდველნი, მიუხედავად იმისა რომ ჩვენი ხორცი აგრძელებს ხორციელად მოქმედებას. მაგრამ მათ, ვისი ცოდვები ჯერ კიდევ არაა ამოშლილი, არ შეუძლიათ სულიერად შრომა. მათ არ აქვთ ამის უფლება.
ჩვენ ვართ კვალიფიცირებული ღვთის მიერ სულიერი საქმეების შესასრულებლად. ახლა ჩვენ გვძალუძს სულის საქმეების კეთება. ჩვენ შეგვიძლია ვაკეთოთ ღვთის სამართლიანი საქმე, ხორციელი საქმეების გამონაკლისით. რა დიდებულია, რომ ღმერთი ჩვენი მხსნელი გახდა! ღმერთი, რომელმაც შექმნა ყოველივე, კაცობრიობის ჩათვლით, გამოგვეცხადა როგორც ხსნის უფალი, რადგან ის მოვიდა ამ სოფლად და აღასრულა მთელი სიმართლე. ჩვენთან მიმართებაში, ღმერთი გახდა ჩვენი უფალი და მხსნელი, რომელმაც სრულიად გადაგვარჩინა.
ხსნა არასრულყოფილი იქნებოდა, ჩვენ ვინმე სუსტს და უუნაროს რომ დავეხსენით. ასეთ შემთხვევაში ოდესმე წარუმატებლობის ალბათობა დარჩებოდა. მაგრამ ამის საპირისპიროდ, ჩვენი მხსნელი არ არის ასეთი პიროვნება. ის არის ღმერთი და შემოქმედი, რომელმაც ყველაფერი შექმნა. იოანეს 1:3-ში ნათქვამია: "ყოველივე მის მიერ შეიქმნა და უიმისოდ არაფერი შექმნილა, რაც კი შექმნილა". ვინ არის იესო? მაცხოვარი. ვინ არის მაცხოვარი? ის არის ღმერთი, შემოქმედი. ღმერთმა სრულყოფილად გვიხსნა. ჩვენი ხსნა სრულია, რადგან მის მიერ ვართ დახსნილები. ეს ხსნა მარადიულია. ამასთანავე, ჩვენი ხსნა ბათილი იქნებოდა, ის რომ შემოქმედი არ ყოფილიყო, არამედ ერთ-ერთი სხვა ქმნილებათა შორის. ასეთი ხსნა დიდხანს არ გაგრძელდება და ასეთი სამართლიანობა ბინძურ ტანსაცმელს დაემსგავსებოდა. ვინმე თუ ხარისხიან ტყავის ტანსაცმელს ატარებს, ის არასოდეს გაიცვითება, თუნდაც ფეხბურთს თამაშობდეს ან გორაკიდან ისრიალოს. მაგრამ ასეთი სრულყოფილი ტანსაცმელი რომ არ ყოფილიყო, ის უმალვე გაიცვითებოდა.
უფალი, რომელმაც ჩვენ ცოდვებისგან გვიხსნა, არ არის არასრულყოფილი. ჩვენი მხსნელი უფალი არის სრულყოფილი ღმერთი. იესოს ხსნა, რომელიც ყველა ჩვენი ცოდვის ასაღებად მოინათლა, ჯვარს ეცვა, აღდგა მკვდრეთით და დაბრძანდა ღვთის მარჯვნივ, არასოდეს ბათილდება, რაოდენ სუსტიც არ უნდა იყოს მორწმუნის ხორცი. ეს არის ხსნა, რომელიც ღმერთმა მოგვცა.
ჩვენი საკუთარი სამართლიანობა უნდა დაიმსხვრეს, რათა რწმენით ვიცხოვროთ
ბიბლიაში ისინი, ვინც თვითსიმართლით იყვნენ სავსე, ხშირად სხვადასხვა გაჭირვებას განიცდიდნენ, რადგან ღმერთს ამგვარი განსაცდელების გზით მათი თვითსიმართლის დამსხვრევა სურდა. ბიბლიის მეფეთა წიგნებში მოყვანილია ბევრი მონაკვეთი, ისეთი როგორც "თუმცა მაღლობები არ გაუუქმებიათ". ეს ნიშნავს, რომ ადამიანი თავად არ არის ხორცით სრულყოფილი, მაგრამ ის უფლისადმი რწმენით მართლდება.
ჩემო ძვირფასო წმინდანებო, ჩვენმა ღმერთმა სრულყოფილად გვიხსნა, რაოდენ სუსტებიც არ უნდა ვყოფილიყავით. ჩვენ მოვკვდებით, თუ მხოლოდ ჩვენი სიმართლისთვის ვიცხოვრებთ. მაგრამ უფალმა ღმერთმა სრულყოფილად გვიხსნა ცოდვებისგან. ის გაიხარებს ჩვენზე, თუ ჩვენ უფლის სიმართლისთვის ვცხოვრობთ, რაც არ უნდა სუსტები ვიყოთ. ესაიას 53:5 -ში ნათქვამია: ”მაგრამ ის დაჭრილი იყო ჩვენი ცოდვების გამო, დალეწილი ჩვენი უკეთურობების გამო”. ღმერთმა ერთხელ და სამუდამოდ მოგვაცილა ჩვენი ურჯულოებანი. ჩვენ არ გვჭირდება სიფრთხილე ჩვენი სამართლიანობის დამსხვრევის შიშით.
ზოგიერთ ადამიანს მინის ჭურჭლის მსგავსი ზნე გააჩნია. მე ვიცნობ ერთ დას, რომელიც ამერიკაში გადავიდა საცხოვრებლად. ის იმდენად კეთილშობილი იყო; როდესაც არ უნდა შევხვედრილიყავი, მუდამ ფრთხილად ლაპარაკობდა და არასოდეს ილანძღებოდა. საოცრად ბოროტ პიროვნებებს ის მიმართავდა, "ოჰ! პატივცემულო ბატონო ბოროტო!", თუმცა მანაც ცოდვების მიტევება მიიღო. მან მიიღო ცოდვათა მიტევება იესოს ნათლობისა და მისი ჯვრის სისხლის რწმენით, მიუხედავად იმისა, რომ მანამდე თვითსიმართლით იყო სავსე. მაგრამ ცოდვათა მიტევების მიღების შემდეგაც ის კვლავ ცდილობდა თვითსიმართლის გამოხატვას და ამიტომ იყო მუდამ უაღრესად ფრთხილი უხეშად რომ არ გამოეხატა თავი, იმის შიშით, რომ მისი სიმართლე ამითი დაირღვევოდა. მისი მსგავსი ბევრია. დიდხანს გასტანს ასეთი ადამიანების სიმართლე? ის მალევე დაიმსხვრება.
გააჩნია თუ არა თქვენს ხორცს სისუსტეები, მიუხედავად იმისა, რომ დახსნილი ხართ? დიახ. ცხოვრობთ უძრახველად კეთილი ცხოვრებით? ცოდვათა მიტევების შემდეგ სრულყოფილად ცხოვრება ჩვენ მხოლოდ მაშინ შეგვიძლია, როდესაც სულით დავდივართ. მხოლოდ ჭეშმარიტად მართალი საქმეებია შესაფერისი ღვთის წინაშე კეთილ საქმეებად შესარაცხად. ჩვენ ქების ღირსნი ვართ, როდესაც სულით ვიღწვით და დავდივართ. ხორცის გამო ჩვენ არაფერი გვაქვს საქებარი. ზოგიერთი ადამიანი წმიდანთა შორის, რომლებმაც ცოდვების მიტევება მიიღეს, თავიანთი სამართლიანობის შენარჩუნებას ცდილობს, იმის შიშით, რომ ის არ დაირღვეს.
თუმცა, უფალი არ ხარობს მათ გამო. ადამიანის სიმართლე მაინც ადრე თუ გვიან დაირღვევა. აჯობებდა, ის უფრო მალევე რომ დანგრეულიყო. ის მაინც დაიმსხვრევა, თუნდაც 10 ან 20 წლის შემდეგ. მაშასადამე, გარეგანი ადამიანისთვის სჯობს რომ ის ახლავე დაიმსხვრეს, რათა შინაგანმა ადამიანმა რწმენით ცხოვრება შეძლოს. ადამიანები ცდილობენ არ დაარღვიონ თავიანთი სამართლიანობა, მიუხედავად იმისა, რომ ის მაინც დაიმსხვრევა.
უფალი გახდა ჩვენი მხსნელი. რა სრულყოფილია ჩვენი მხსნელი! უფალი ღმერთი ჩვენი მაცხოვარი გახდა. მან გადაგვარჩინა ყველანი, თქვენ და მე. ისევ ხდებით ცოდვილი თქვენი ხორცის უძლურებათა გამო? არა. ღმერთმა აღასრულა მთელი სამართლიანობა. ჩვენი პირადი სამართალიანობა მრავალჯერ ირღვევა იმის შემდეგ, რაც ჩვენ წყლისა და სულისგან ხელახლა ვიშვებით. ჩვენი ბოროტება მრავალჯერ ვლინდება, როდესაც უფალს მივყვებით. ის ვლინდება საკუთარი თავის დამალვის მცდელობისას, ინტროვერტი პიროვნების შემთხვევაში, და სხვა ადამიანებისთვის თავის გამჟღავნებით ექსტროვერტის პიროვნების შემთხვევაში. როდესაც ჩვენი პირადი სამართლიანობა ვლინდება, მხოლოდ ჩვენივე სამართლიანობა იმსხვრევა, მაშინ როცა უფლის სიმართლე მუდამ მყარად დგას.
ხორცისაგან შობილი ხორცია და სულისაგან შობილი სულია.
მინდა რომ გწამდეთ, რომ უფალი ღმერთი გახდა ჩვენი სრულყოფილი მხსნელი. ამიტომ, ჩვენ რწმენით უნდა ვცხოვრობდეთ. ღმერთს სურს, რომ ჩვენი სიმართლე დაირღვეს და ის ამით კმაყოფილია. იოანეს 3:6-ში ნათქვამია: „ხორცისაგან შობილი ხორცია და სულისაგან შობილი სულია“. ხორცი ვერ გახდება სული. ბუდიზმში არსებობს „მოძღვრება ამაქვეყნის არსებობიდან განთავისუფლების შესახებ“. ის ამტკიცებს, რომ ხორცი შეიძლება სულად იქცეს. მაგრამ ხორცი ვერასოდეს გახდება სული. არა, ეს არ მოხდება. ვის შეუძლია ამის გაკეთება? შეხედეთ სიმართლეს თვალებში. ეს არავის ძალუძს.
სანგ-ჩული, თანამედროვე ბუდიზმის ცნობილი კორეელი ბერი, რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა. თითქმის ოცი წლის განმავლობაში, კედლის პირისპირ ჯდომით ის ჭეშმარიტებას მედიტაციით ეძებდა. სულიერი განმანათლებლობის მისაღწევად ის ათი წლის განმავლობაში დასაძინებლად არც კი დაწოლილა. მას მჯდომარე ეძინა და ათი წლის განმავლობაში სათნო გონების შენარჩუნებას ცდილობდა რათა დაემარცხებინა ბოროტი აზრები, მრუშობა, სიძვა, მკვლელობა, ქურდობა, ბოროტება, სიამაყე და უგუნურება, რაც მის შინაგანიდან წარმოიშვებოდა. ბევრ ადამიანს იგი ცოცხალ ბუდათ მიაჩნდათ. მიუხედავად ამისა, მან თვითონაც კარგად იცოდა, რომ თავისი ხორცის ვნებების ჩაქრობა საერთოდ არ შეეძლო. ასე რომ, სიკვდილის პირას მისულმა, მან დატოვა ნირვანის ლექსის ნარკვევი, მას შემდეგ რაც თითქმის ოცი წლის განმავლობაში მთების გულში თავის გონებას წვრთნიდა:
”ვინაიდან მე ჩემი ცხოვრების განმავლობაში ბევრი მამაკაცი და ქალი მოვატყუე, ჩემი ცოდვები სიმაღლით ყველაზე მაღალ მთას აღემატება. მე საუკუნო ჯოჯოხეთში ჩავვარდები და ჩემი გოდება ათი ათასი გზით დაიყოფა. წითელი მზე ცისფერი მთების უკან ეშვება.”
მსოფლიოს ყველა რელიგიური ადამიანი აღფრთოვანებული იყო მისი ამაღლებული ხასიათით და ერთი შეხედვით ღრმა სწავლებებით. თუმცა, მან თავად თქვა, რომ ჯოჯოხეთში წავიდოდა.
ხორცი ვერასოდეს იქცევა სულად, მაგრამ ჩვენი სული ღვთის შვილი ხდება, როცა ჩვენ მისი ხსნის რწმენით ხელახლა ვიშვებით. ჩვენ გავხდით ახალი ქმნილებები ღვთის მადლით, რომელმაც აღგვადგინა თავისი სიმართლით. ადამიანი ვერ განახლდება საკუთარი ძალისხმევით.
ღვთისმსახურნი, ბერები და კათოლიკე მამები, რომლებიც ციხეების მსახურებაში მონაწილეობენ, პატიმრებს სიცოცხლის ბოლომდე სათნო ცხოვრებით მიყოლას ურჩევენ. მაგრამ ხორცი არასოდეს იცვლება. ღმერთს სურს რომ მივატოვოთ ჩვენი სამართლიანობა და მტკიცედ გვწამდეს რომ ჩვენი მხსნელი თვით უფალია. გწამდეთ ნათლობის და იესოს ჯვრის. მაშინ თქვენ ხსნის დიადი რწმენა გექნებათ.
ამჟამად ღმერთი მორწმუნეებს ეძებს
უფალი ჩვენთვის შეწყალების მსხვერპლი გახდა. ის მოინათლა, რათა მოეცილებინა ყველაფერი, რაც მამა ღმერთს ადამიანებისგან ჰყოფდა. ის ჯვარს ეცვა ჩვენი ცოდვის საზღაურის გადასახდელად, განკითხულ იქნა ჩვენს ნაცვლად და გვიხსნა ყველა ცოდვისგან. ღმერთი ჩვენთვის შეწყალების მსხვერპლი გახდა.
ის ამბობს: "რომელიც წინასწარ დაადგინა ღმერთმა შეწყალების მსხვერპლად, რწმენის მეშვეობით მისსავე სისხლში, რათა გამოჩენილიყო მისი სიმართლე უწინ ჩადენილ ცოდვათა მიტევებით, რომელთაც ითმენდა ღმერთი, რათა ახლა ეჩვენებინა თავისი სიმართლე, რომ ის არის მართალი და იესოს მორწმუნეთა გამმართლებელი." (რომაელთა 3:25-26).
ღმერთი მოვიდა ამ სოფლად და აღასრულა მთელი სიმართლე. ახლა მსოფლიოში ყველა უცოდველია. არავინ მიდის ჯოჯოხეთში, თუ მას უბრალოდ ღმერთის სრულყოფილი ხსნის სჯერა. ის ჯოჯოხეთში მხოლოდ თავისი ურწმუნობის გამო მიდის. ადამიანს შეუძლია გადარჩენა, თუ მიატოვებს პირად სიმართლეს და თვალთმაქცობას და მიიღებს ღმერთს როგორც მაცხოვარს, იესოს ნათლობისა და ჯვარზე სიკვდილის რწმენით. ღმერთის თვალსაზრისით ჩვენ ყველანი უცოდველობის მდგომარეობაში ვიმყოფებით, რადგან მან თავის თავზე მსოფლიოს ყველა ცოდვა აიღო და აღმოფხვრა ისინი.
მე მჯერა ღმერთის, ისევე როგორც თქვენ. ის არის მაცხოვარი. ჩვენ აღარა გვაქვს ცოდვა. უფალმა ღმერთმა სრულყოფილად გვიხსნა. ერთადერთი პრობლემა რომელიც გვრჩება არის ის თუ როგორ გავატარებთ დარჩენილ სიცოცხლეს. როგორ უნდა ვიცხოვროთ? ჩვენ სულით უნდა ვიაროთ. ჩვენ აღარ გვჭირდება ჩვენი ცოდვების აღმოფხვრაზე დარდი. სიტყვები, "ადრე ჩადენილი ცოდვების მიტევებით", ნიშნავს რომ ღმერთი აღარ გვდებს ბრალს ჩვენი ცოდვებისთვის. ჩვენ არ გვაქვს არც ცოდვა და არც გასასამართლებელი არაფერი, რადგან ღმერთმა უკვე გვიხსნა ამ ცოდვებისგან იოანე ნათლისმცემლისგან ნათლობის მიღებით და თავისი ჯვარცმით. ამიტომ, ღმერთი არ გვასამართლებს ჩვენი ცოდვებს. ის ეძებს მათ, ვისაც გულით სწამთ ამ ჭეშმარიტების.
ბიბლია ამბობს რომ არავინაა მართალი, მაგრამ ჩვენ მართლები გავხდით ღვთის რწმენით. ღმერთი ამბობს, "როგორც წერია: "არავინ არის მართალი. არავინ არის გონიერი, არავინ ეძებს ღმერთს. ყველამ გადაუხვია, უსარგებლონი გახდნენ; არ არის სიკეთის მქმნელი, არ არის არავინ. მათი ხორხი ღია სამარეა; ენებით ცრუობენ; მათ ბაგეებზე ასპიტის გესლია. მათი პირი წყევლით და გესლით არის სავსე. მათი ფეხები სწრაფია სისხლის დასაღვრელად. ნგრევა და უბედურებაა მათ გზებზე და არ იციან მშვიდობის გზა. ღვთის შიში არ არის მათ თვალწინ” (რომაელთა 3:10-18).
ღმერთი მოვიდა ამ ქვეყნად და მდინარე იორდანეში ყველა ცოდვა მოაშორა მათ, ვინც წუთისოფელში ცხოვრებისას ყოველგვარ ბოროტებას სჩადის, არ გააჩნიათ სამართლიანობა და გახდნენ გამოუსადეგი. გწამთ ამის?
ახლა ღმერთი ეძებს ადამიანებს, რომლებსაც სწამთ, რომ მან ისინი ყველა ცოდვისგან იხსნა. უფლის თვალი მართლებზეა მიპყრობილი. ის გვამხნევებს ჩვენ, მართლებს. ის ზრუნავს ჩვენზე, მუდამ ჩვენთანაა, გვიცავს ჩვენ და შრომობს ჩვენთან ერთად. ღმერთმა მართალი საქმეები მოგვანდო. იესო ჩვენზე უფრო მეტად დამწუხრდება, ჩვენ თუ ჩვენი ხორცის უკეთურობების გამო ვიგლოვებთ. ”რატომ ჰგოდებ შენი ცოდვების გამო, როცა მე უკვე გიხსენი ყველა ცოდვისგან?”
ის, რაც ახლა უნდა ვაკეთოდ, არის გვწამდეს ღმერთის, ვიაროთ სულით და ვიქადაგოთ სახარება სულების მოსაპოვებლად. ეს არის ის საქმე რომელსაც ჩვენ ახლა უნდა ვასრულებდეთ. გწამთ ამის? ნუ იკვეხნით საკუთარი სიმართლით და ნუ ეცდებით მის დამკვიდრებას, მოსაჩვენებლად თქვენი სიმართლის სხვების სიმართლესთან შედარებით. ნუ შეურაცხყოფთ იმათ, ვინც თავისთავად მართალი არაა. სინამდვილეში, ბუნებით მართალი ადამიანი არ არსებობს.
ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომელმაც გვიხსნა მისი ნათლობისა და ჯვრის მეშვეობით
ჩვენ არაფერი გვაქვს დასაკვეხნი ღმერთის წინაშე, მისი სიყვარულის გარდა, რომელმაც სრულქმნილად გვიხსნა. ჩვენ მხოლოდ ღვთის ხსნით უნდა ვამაყობდეთ, თაყვანი ვცეთ მას, განვადიდოთ იგი და ვიქადაგოთ წყლისა და სულის სახარება. ჩვენ არ გვჭირდება ცოდვაზე და ჯოჯოხეთში მოხვედრაზე რაიმე წუხილი. ”ამიტომ ახლა არავითარი მსჯავრი არ არის მათზე, ვინც ქრისტე იესოში დადის არა ხორციელად, არამედ სულიერად.” (რომაელთა 8:1). არასოდეს. ხედავთ ამას? ადამიანი მიდის ჯოჯოხეთში, თუ ის არ შეერწყმება იმ ფაქტს, რომ უფალმა უკვე იხსნა იგი თავისი სამართლიანი მოქმედებით. მაგრამ იმას ვისაც ამის სჯერა, არაფერი აქვს სანერვიულო ჯოჯოხეთში მოხვედრაზე.
უფალმა ღმერთმა იესოს ნათლისღებით და სისხლით ყველა ცოდვისაგან გადაგვარჩინა. რაოდენ მადლიერნი ვართ! ”რადგან მიგვაჩნია, რომ რწმენით მართლდება კაცი, რჯულის საქმეთა გარეშე. განა ღმერთი მარტო იუდეველთა ღმერთია, განა წარმართებისაც არა? დიახ, წარმართებისაც არის.”(რომაელთა 3: 28-29).
ღმერთი არა მხოლოდ ებრაელთა ღმერთია, არამედ წარმართთა ღმერთიც. ის არის ღმერთი ყველა ადამიანისთვის. უფალმა ღმერთმა გვიხსნა ჩვენი ცოდვებისგან. ამის შესასრულებლად, ის მოვიდა ამქვეყნად, მოინათლა ყველა ჩვენი ცოდვის ასაღებად და ყველა ცოდვისთვის მსჯავრის მისაღებად ჯვარს ეცვა. ამიტომ, ის ყველა ადამიანისა ღმერთი და მაცხოვარი გახდა. ეს არის რომაელთა მე-3 თავის დასკვნა. პავლე მოციქულს სწამდა ამის. ჩვენც ამის გვწამს.
პავლე მოციქული არ საუბრობს მხოლოდ ხორცის სისუსტეზე, არამედ რჯულისგან დამოუკიდებელ ღვთის სამართლიანობაზე. ჩვენ არ შეგვიძლია რჯულის საქმეებით ხსნის მოპოვება. რითი ღა უნდა გადავრჩეთ? ღმერთის ხსნის რწმენით. უფალი ღმერთი გახდა ჩვენთვის შეწყალების მსხვეპლი და მოგვიტევა ადრე ჩადენილი ცოდვები. მაშასადამე, ურწმუნოები განისჯებიან მხოლოდ სულიწმიდისთვის შეწინააღმდეგების ცოდვის გამო. ის არ განიკითხავს ცოდვებს, რომლებიც ხორცის სისუსტით იყო ჩადენილი, რადგან ამ სოფლად ცოდვა აღარ არსებობს.
ამიტომ, ჩვენ უნდა გვწამდეს უფალი ღმერთი. მორწმუნეებისთვის არ არსებობს მსჯავრი და განკითხვა. ღმერთი არის მორწმუნეთა ღმერთი, ამიტომ ჩვენი დარჩენილი ცხოვრება სულით უნდა ვიაროთ. ჩვენ ყოველთვის შეგვიძლია სულიწმიდის საქმეების კეთება, რადგან ჩვენი ცოდვები უკვე მიტევებულია, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ხორცს ვნებიანად ცხოვრება სურს. უფალი ღმერთი არის როგორც ებრაელთა, ასევე წარმართთა ღმერთი. ის ასევე არის მორწმუნეთა და ურწმუნოთა ღმერთი. ეს ნიშნავს, რომ ღმერთს სურს, რომ ყველა ადამიანი გადარჩეს თავისი ცოდვებისგან. მას ძალუძს რომ გახდეს ურწმუნოთა მხსნელი. ის უკვე გახდა მორწმუნეთა ღმერთი.
მე მადლობას ვუხდი უფალ ღმერთს ჩემი გულის სიღრმიდან. რა უბედური ვიქნებოდი, უფალი ღმერთი რომ არ ყოფილიყო, რომ არ მოსულიყო ამქვეყნად ადამიანის ხორცის მსგავსებით, და რომ არ მონათლულიყო მდინარე იორდანეში ჩვენი ცოდვების ასაღებად. ის ჩვენი სრულყოფილი მხსნელი რომ არ გამხდარიყო, ჩვენ ცოდვების მიტევების მიღების შემდეგაც ისევ ცოდვილებად დავრჩებოდით, რადგან უძლურნი ვართ თვით სიკვდილის დღემდე. მე მადლობას ვუხდი უფალ ღმერთს!