(რომაელთა 5:14)
"მაგრამ სიკვდილი მეფობდა ადამიდან მოსემდე მათზეც, რომელთაც არ შეუცოდავთ, როგორც შესცოდა ადამმა, რომელიც მომავლის სახეა".
უპირველეს ყოვლისა ცოდვილებმა ცოდვის შემეცნება უნდა იქონიონ
დღეს მინდა ვისაუბრო ცოდვის წარმოშობაზე. ნუ იტყვით გულში, "შენ ყოველდღე ერთსა და იმავეზე ლაპარაკობ. სხვა რამეების შესახებ მოგვიყევი.” მსურს რომ დიდი ყურადღებით მომისმინოთ. სახარება არის ყველაზე ძვირფასი რამ. თუ წმინდანი, რომლის ცოდვებიც განწმენდილია, გამუდმებით არ უსმენს სახარებას რომელიც მას ყოველივე ამას ახსენებს, ის მოკვდება. როგორ შეუძლია მას წყლისა და სულის სახარების მოსმენის გარეშე ცხოვრება? ერთადერთი საშუალება, რომლის მეშვეობით მას სიცოცხლე შეუძლია, არის სახარების მოსმენა. მოდით გადავშალოთ ბიბლია და გავიზიაროთ მასში არსებული ჭეშმარიტი მნიშვნელობანი.
ვფიქრობდი: "რა არის ყველაზე უფრო მეტად საჭირო ცოდვილთათვის, რომელთა ცოდვები ჯერ არ იყო მიტევებული?" შემდეგ მივხვდი რომ მათ სჭირდებოდათ ცოდვის ღვთის სიტყვის შესაბამისად სწორი ცოდნა, რადგან მათ ცოდვების მიტევების მიღება მხოლოდ მაშინ შეუძლიათ, როდესაც ცოდვის შესახებ იციან. მე მწამს რომ ცოდვილებს ცოდვის ცოდნა ყველაზე მეტად სჭირდებათ.
ადამიანი დაბადებიდანვე ურიცხვ ცოდვას იდენს, განურჩევლად იმისა, სურს მას ეს თუ არა. მიუხედავად იმისა რომ ის ცოდვილია ღმერთის წინაშე, ის ღრმად არ ფიქრობს მასში არსებულ ცოდვაზე, რადგან ძალზე ბევრ ცოდვას იდენს თავისი ზრდის და განვითარების განმავლობაში. შეცოდება მისთვის ისევე ბუნებრივია, როგორც ვაშლის ხისთვის ზრდა, როცა ის ყვავის და დროთა განმავლობაში ვაშლებს ისხამს. ამასთანავე, უნდა ვიცოდეთ, რომ ღვთის რჯულის შესაბამისად, ცოდვის საზღაური სიკვდილია.
თუ ადამიანი ფიქრობს და ნამდვილად იცის ცოდვის შედეგის შესახებ, მას ცოდვისა და ღვთის განკითხვისგან გათავისუფლება და ყველა სულიერი კურთხევის მიღება შეუძლია. ასე რომ, ყველაზე მეტად ცოდვილს სჭირდება ცოდვის და მისი შედეგის შესახებ ცოდნა, ისევე როგორც ცოდვის მიტევების ჭეშმარიტების შესწავლა, რომელიც ღმერთმა მოგვცა.
როგორ შემოვიდა ცოდვა ამ ქვეყნად?
რატომ სცოდავს ადამიანი? რატომ ვცოდავ მე? ბიბლია ამაზე რომაელთა 5:12-ში საუბრობს, სადაც ნათქვამია: “მაშასადამე, როგორც ერთი ადამიანის მიერ ცოდვა შემოვიდა ამ ქვეყნად, ხოლო ცოდვის მიერ - სიკვდილი, ასევე სიკვდილი გადავიდა ყველა ადამიანში, რადგან ყველამ შესცოდა.” რა შემოვიდა სამყაროში ცოდვის მეშვეობით? სიკვდილი. ხალხი ფიქრობს, რომ სიკვდილი მხოლოდ ხორცის სიკვდილს ნიშნავს. მაგრამ სიკვდილი აქ გამოხატავს ღმერთისგან სულიერად განშორების მნიშვნელობას. ის ასევე გულისხმობს ჯოჯოხეთს და ღმერთის განკითხვას, ხორცის სიკვდილთან ერთად. რომაელთა 5:12 გვიჩვენებს თუ როგორ გახდნენ ადამიანები ცოდვილები.
ბიბლიაში ნათქვამია: “მაშასადამე, როგორც ერთი ადამიანის მიერ ცოდვა შემოვიდა ამ ქვეყნად, ხოლო ცოდვის მიერ - სიკვდილი, ასევე სიკვდილი გადავიდა ყველა ადამიანში, რადგან ყველამ შესცოდა”. ღვთის სიტყვა არის ჭეშმარიტება. ერთი ადამიანის მეშვეობით ცოდვა სამყაროში შემოვიდა, ხოლო ცოდვის მეშვეობით - სიკვდილი.
ჩვენ ადამის შთამომავლებად დავიბადეთ. მაშინ გვაქვს თუ არა ჩვენ ცოდვა, როგორც ადამის შთამომავლებს? ─ დიახ, გვაქვს. ─ ცოდვით დავიბადეთ? ─ დიახ, რადგან ვართ ადამის შთამომავლები, რომელიც ჩვენი წინაპარია.─
ადამმა შვა მთელი კაცობრიობა. მაგრამ ადამმა და ევამ, როდესაც ედემის ბაღში იყვნენ, სატანის მოტყუების გამო შესცოდეს ღვთის სიტყვის წინააღმდეგ. ღმერთმა უთხრა მათ რომ არ ეჭამათ ნაყოფი სიკეთისა და ბოროტების შემეცნების ხიდან, არამედ ის რომ მარადიული სიცოცხლე სიცოცხლის ხის ნაყოფის ჭამით ჰქონოდათ.
მაგრამ მათ, სატანის მიერ მოტყუებულებმა, დაივიწყეს ღვთის სიტყვა და ჭამეს სიკეთისა და ბოროტების შემეცნების ხისგან. ადამმა და ევამ შესცოდეს ღვთის სიტყვის მიტოვებით, რომელიც არის მარადიული სიცოცხლის სიტყვა. მას შემდეგ რაც ადამმა და ევამ შესცოდეს, ადამს კავშირი ჰქონდა ევასთან, და ყველა ადამიანი ადამისა და ევას მეშვეობით დაიბადა. ჩვენ მათი შთამომავლები ვართ. ჩვენ მემკვიდრეობით არა მხოლოდ მათი გარეგნობა, არამედ მათი ცოდვილი ბუნებაც მივიღეთ.
ამიტომ, ბიბლია ამბობს რომ ადამიანი ცოდვის თესლია. მსოფლიოს ყველა ადამიანმა ცოდვა მემკვიდრეობით ადამისა და ევასგან მიიღო. ბიბლიაში ნათქვამია: „მაშასადამე, როგორც ერთი ადამიანის მეშვეობით შემოვიდა ცოდვა სამყაროში, და ცოდვით სიკვდილი, ასევე სიკვდილი გავრცელდა ყველა ადამიანზე, რადგან ყველამ შესცოდა“. ასე რომ, ყველა ადამიანი ცოდვილად იბადება.
ამასთავნავე, ადამიანებმა არ იციან რომ ცოდვილებად იბადებიან. მათ ცოდვის ცოდნა არ გააჩნიათ, მიუხედავად იმისა, რომ ცოდვილებად იშვნენ. ხე თავისი თესლის თანახმად კვირტს იყრის და ნაყოფს ისხამს, მაგრამ ადამიანები თვლიან, რომ ცოდვა მათთვის უცნაური რამ არის, რადგან არ გაეგებათ რომ ცოდვის თესლებად იბადებიან. იგივე პრინციპით ვაშლის ხეს თავის თავზე რომ ეფიქრა: „რა უცნაურია. რატომ ვისხავ ვაშლებს?”
ამრიგად, ადამიანისთვის ბუნებრივია ცოდვა. ის აზრი რომ ადამიანს შეუძლია ცოდვისთვის თავის აცილება, სრულიად მცდარია. ბუნებრივია, რომ ცოდვის მემკვიდრეობით მიღებულმა ადამიანმა მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში ცოდვები იდინოს და ცოდვის ნაყოფი გამოიღოს, მაგრამ ის ღრმად არ ფიქრობს თავის ცოდვილიანობაზე. რას ამბობს ღმერთი? "მაშასადამე, როგორც ერთი ადამიანის მეშვეობით შემოვიდა ცოდვა სამყაროში, და ცოდვით სიკვდილი, ასევე სიკვდილი გავრცელდა ყველა ადამიანზე, რადგან ყველამ შესცოდა".
ჩვენ მთელი ჩვენი ცხოვრება ვცოდავთ, რადგან ცოდვილებად ვიბადებით. ამიტომ, ჩვენ ღმერთის სამსჯავროს ვიმსახურებთ. შეიძლება ფიქრობდეთ: „განა უსამართლო არაა, ღმერთმა რომ განგვსაჯოს, როდესაც სხვა არჩევანი არ გვქონია ცოდვის ჩადენის გარდა?“ მაგრამ ცოდვების მიტევების მიღების შემდეგ თქვენ მიხვდებით, რომ ღმერთმა ამის გაკეთება იმისთვის დაგეგმა, რომ მისი შვილები გავეხადეთ.
ჩვენ ყველანი ერთი ადამიანის, ადამის შთამომავლები ვართ
მაშ როგორ მოხდა რომ ადამიანებს, რომლებიც ერთი ადამიანის, ადამის შთამომავლები არიან, განსხვავებული კანის ფერი აქვთ? განსხვავებულია მათი თესლი? რატომ არსებობს თეთრი, ყვითელი და შავკანიანი ხალხი? ზოგი ფიქრობს, რომ როდესაც ღმერთმა ადამიანი თიხისგან შექმნა და შემდეგ ღუმელში ჩადო გასამაგრებლად, მან თეთრკანიანი ადამიანი ღუმელიდან დროზე ადრე გამოიღო, ყვითელკანიანი ადამიანი დროულად გამოიღო, ხოლო შავკანიანის გამოღება დააგვიანდა.
ასევე შეიძლება გიკვირთ თუ რატომ არსებობს შავი, თეთრი და ყვითელი რასები, თუმცა ყველა ადამიანს ცოდვა ერთი ადამიანის მეშვეობით გადაეცა. ბიბლია ნათლად აცხადებს, რომ ღმერთმა დასაწყისში, ცისა და დედამიწის შექმნისას ასევე შექმნა ადამი. "ადამი" ნიშნავს კაცს. ღმერთმა შექმნა ადამიანი. რატომ არსებობს მსოფლიოში სხვადასხვა რასა, თუ ღმერთმა ერთი კაცი, ადამი შექმნა, და მსოფლიოს ყველა ერი მისგან წარმოიშვა? ჩვენ შეიძლება ვიკითხოთ რატომ, და ამ კითხვაზე პასუხი შემდეგია.
მეცნიერები ამბობენ რომ კანის პიგმენტი, სახელად მელანინი, კანში მზის დამწვრობისგან დასაცავად წარმოიშვება. როდესაც დედამიწა მზის ირგვლივ მიმოიქცევა, ისინი, ვინც მოჭარბებული მზის ტერიტორიებზე ცხოვრობენ, შავდებიან, ისინი, ვინც მინიმალური მზის შუქის ქვეყნებში ცხოვრობენ, იბადებიან თეთრებად, ხოლო ისინი, ვინც მზის საკმარისი შუქის პირობებში არიან, ხდებიან ყვითლები. ამასთანავე, ჩვენი წინაპარი მაინც ერთი ადამიანია, ადამი.
მეცნიერებმა განაცხადეს, რომ მელანინი კანიდან ავტომატურად გამოდის და იცავს მას მზის დამწვრობისგან. ასე რომ, ამის შესახებ მე იმ დროიდან გავიგე. მე ვიცოდი, რომ ადამიანები ადამის შთამომავლები იყვნენ, მაგრამ არაფერი ვიცოდი მელანინის შესახებ. ჩვენ მემკვიდრეობით არა მხოლოდ ხორცი მივიღეთ, არამედ ცოდვაც, რადგან ჩვენ ვართ ერთი ადამიანის, ადამის შთამომავლები.
იცით ცოდვის შესახებ? მოდით გამოვიკვლიოთ, არიან თუ არა ადამიანები ცოდვილები ამ სამყაროში დაბადების პირველივე დღიდან. "ასე, ყოველი კარგი ხე ნაყოფსაც კარგს იძლევა, ხოლო ცუდი ხე ნაყოფსაც ცუდს იძლევა. არ შეუძლია კარგ ხეს ცუდი ნაყოფის გამოღება და არც ცუდ ხეს - კარგი ნაყოფის გამოღება"(მათე 7:17-18). ღმერთი ამბობს, რომ ცრუ წინასწარმეტყველები მხოლოდ ცრუ ნაყოფს იძლევიან და ვერასოდეს გამოიღებენ კარგ ნაყოფს. ჩვენ თავიდანვე ბოროტი ხეები ვართ, ვინაიდან ცოდვილებად დავიბადეთ, ამიტომ არ შეგვიძლია ბოროტი ნაყოფის არ გამოღება, რადგან ცუდი ხეების სახით დავიბადეთ.
ჩვენ ცოდვა ერთი კაცის მემკვიდრეობით მივიღეთ. ხეებთან შედარებას თუ მოვიყვანთ, ჩვენ ცუდი ხეები ვართ. ადამიანს, რომელიც ცოდვილად იბადება, არ შეუძლია არ ჩაიდინოს ცოდვები მაშინაც კი, თუ მას სათნო ცხოვრების წარმართვა სურს და ცდილობს არ შესცოდოს, ისევე როგორც ცუდ ხეს არ შეუძლია კარგი ნაყოფის მოტანა. ხვდებით? ადამიანებს ნამდვილად უნდათ იცხოვრონ მშვიდი, თვინიერი და სათნო ცხოვრებით. მაგრამ ადამიანს, რომელსაც არა აქვს ცოდვის მიტევება და ცოდვილად დაიბადა, არ შეუძლია მართალი ცხოვრება.
მას არ შეუძლია იყოს კარგი, თუნდაც უწყვეტი ძალისხმევით. ზოგი ალკოჰოლიკი ცდილობს ნაკლები დალიოს, მაგრამ საბოლოოდ, მაინც ალკოჰოლიზმის მსხვერპლად იქცევა და მათი ოჯახები მათ საავადმყოფოებში აბარებენ.
ერთ დღეს ტელევიზორში ვუყურე გადაცემას სახელწოდებით "მინდა ვიცოდე". ერთი მამაკაცი 13 წლის განმავლობაში ფსიქიატრიულ საავადმყოფოში იმყოფებოდა. როდესაც ჟურნალისტმა მას ოჯახის შესახებ ჰკითხა, მან უპასუხა რომ ისინი არ დაბრუნებულან მის სახლში წასაყვანად, მიუხედავად იმისა, რომ ის სრულად გამოჯანმრთელდა თავისი ალკოჰოლიზმისგან და მისმა ექიმმაც დაადასტურა მისი გამოჯანმრთელება. ჟურნალისტისგან მან შეიტყო რომ მისმა ოჯახმა ექიმის მოსყიდვით საავადმყოფოს დატოვებაში მას ხელი შეუშალა. ის ძალიან გაბრაზდა. ოჯახმა ის მიატოვა, რადგან მისგან მეტად დაღლილები იყვნენ. ჟურნალისტმა ასევე თქვა, რომ საავადმყოფოში მყოფი სხვა პაციენტები მათი ძალისხმევის მიუხედავად ვერ სტოვებდნენ სმას და ისე მძიმედ სვავდნენ რომ მათ ვერავინ უმკლავდებოდა.
რატომ ვერ აკონტროლებს ადამიანი დალევას? მან იცის, რომ ეს არაა კარგი მისი ჯანმრთელობისთვის და თავის დანებებას ცდილობს; მაგრამ ის ისევ და ისევ დალევას უბრუნდება. ეს იმიტომ მდება, რომ ის უკვე ალკოჰოლიკია, მაგრამ ამის საწყისი მიზეზი ისაა რომ მისი გონება მუდამ ცარიელია. ის სვავს, რადგან გულში სიცარიელეს გრძნობს. ადამიანი გამუდმებით განიცდის ტკივილს და არ შეუძლია იყოს კეთილი, რადგან ის ცოდვასთანაა შერწყმული. ასე რომ, ის პესიმისტად იქცევა და სმას აგრძელებს. მან შეიძლება იფიქროს: “მე არ ვიცი რატომ ვაკეთებ ამას. ეს არ უნდა ვაკეთო". და რაც უფრო მეტად გრძნობს რომ საკუთარ თავს უღალატა, მით უფრო მეტს სვამს საკუთარი თავის დასავიწყებლად.
ადამიანს არ შეუძლია დალევისთვის თავის დანებება, რამდენიც არ უნდა ეცადოს. ამიტომ ის თავს იმედგაცრუებულად გრძნობს, უფრო მეტ სმას იწყებს და საბოლოოდ მას დახურულ საავადმყოფოში ათავსებენ. ადამიანის მეტყველება და ქცევა მხოლოდ მისი შინაგანი ბუნების გამოხატულებაა. ადამიანი იბადება ცოდვილი და ამრიგად, მისი ნების მიუხედავად, მას არ შეუძლია არ სცოდოს მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში, ისევე, როგორც ვაშლის ხე იყრის კვირტს, ყვავის და ვაშლს ისხავს, რადგან ის ვაშლის გენს მემკვიდრეობით იღებს. ადამიანებს სურთ რომ იყვნენ კარგები, მაგრამ მათ, ვისაც ცოდვების მიტევება არ აქვთ, არ შეუძლიათ იყვნენ კარგები, რადგან არ გააჩნიათ კეთილად ყოფნის უნარი. ისინი ფიქრობენ რომ მათი ცოდვები არც ისე მძიმეა და ამიტომ ისინი მათ მალავენ და საქმე მხოლოდ მაშინ ხდება სერიოზული, როდესაც მათი ცოდვები სააშკარაოზე გამოდის.
ცოდვილის მიერ ცოდვების ჩადენა არის ბუნებრივი, ინსტინქტური და შესაფერისი, რადგან ის ცოდვის გროვად არის დაბადებული და მას ბუნებრივად იმკვიდრებს. ადამიანისთვის ცოდვის ჩადენა აბსოლუტურად ბუნებრივია, რადგან ის ცოდვის გენეტიკით იბადება, ისევე როგორც წიწაკისთვის ბუნებრივია თავისი მსგავსი წიწაკის ნაყოფის გამოღება და უნაბის ხისთვის უნაბის მოსხმა. ადამიანს არ შეუძლია ცოდვის ჩადენისაგან თავის არიდება, რადგან ის ცოდვილადაა დაბადებული. როგორ შეძლებს ადამიანი ცოდვის გარეშე არსებობას, როცა ის ცოდვილი იბადება?
ადამიანი იბადება თორმეტი სახის ბოროტებით
იესომ მარკოზის მე-7 თავში თქვა რომ ადამიანი იბადება 12 სახის ბოროტებით. ესენია: მრუშობა, სიძვა, მკვლელობა, პარვა, სიხარბე, ბოროტება, სიცრუე, უხამსობა, ბოროტი თვალი, გმობა, ამპარტავნება და უგუნურება. ჩვენ ვიბადებით პარვის სურვილით. ქურდობის აზრი ცოდვის მემკვიდრეობაში შედის. თქვენ არ იპარავთ? ყველა ადამიანი იპარავს. თუ ის არ იპარავს, მხოლოდ იმიტომ რომ მას ხალხი უყურებს. მაგრამ როდესაც მის გარშემო არავინ არის და ახლოს მაცდური ობიექტია, მისგან ქურდობის ცოდვა გამოდის და მისი მოპარვით ცოდვის ჩადენას აიძულებს.
ასე რომ, ადამიანებმა შექმნეს ყველასათვის საერთო ეთიკა და წესები, რომლებიც მიუთითებენ რომ სხვებისთვის ზიანის მიყენება არ არის სწორი. წესები საჭიროა, როდესაც ბევრი ადამიანი საზოგადოებაში ერთად ცხოვრობს. ჩვენ სოციალური ნორმების შესაბამისად უნდა ვიცხოვროთ. ამასთანავე, როცა მარტო ვართ, ჩვენ ვიპარავთ, როცა არავინ არ გვიყურებს.
არ არსებობს არავინ, ვინც არ იპარავს. ყველა იპარავს. დიდი ხნის წინ, აღორძინების კრებაზე მრევლს ვთხოვე ხელი აეწიათ, თუ ცხოვრებაში არასოდეს შეუცოდავთ. ერთმა ბებიამ ხელები ასწია და თქვა: "მე არასოდეს არაფერი მომიპარავს". მე ვკითხე, ოდესმე სახლისაკენ მიმავალ გზაზე რაიმე თუ აუკრეფია. იგი შეცბა მოულოდნელი კითხვისგან და შედეგ მიპასუხა: „ერთხელ სახლისკენ რომ მივდიოდი, გზის პირას ახალგაზრდა გოგრა დავინახე. ვიფიქრე გემრიელი იქნებოდა, ამიტომ მიმოვიხედე და ვნახე რომ ირგვლივ არავინ იყო. ასე რომ, ის გოგრა მოვწყვიტე, კაბის ქვეშ დავმალე და სახლში მივიტანე, რის შემდეგ ის ლობიოს ქვაბში ჩავდე, მოვხარშე და ვჭამე". მან არ იცოდა, რომ ქურდობის ცოდვა ჩაიდინა.
მაგრამ ღმერთი ამბობს, რომ სხვისი ქონების აღება ნებართვის გარეშე ცოდვაა. ღმერთმა მოსეს რჯულში გვიბრძანა: "არ მოიპარო". ყველას აქვს რაღაცის მოპარვის გამოცდილება. ადამიანს ეხერხება მკვლელობა და ქურდობა, როდესაც ამის შესაძლებლობა ეძლევა. მან შეიძლება სხვა ადამიანების სახლიდან პირუტყვი მოიპაროს, როგორიცაა კურდღელი ან ქათამი. ამას ქურდობა ჰქვია. ასეთ ადამიანს არც კი გააჩნია ცოდვის შემეცნება, მიუხედავად იმისა რომ კლავს და იპარავს. მისთვის ამის გაკეთება ბუნებრივია, რადგან მან ცოდვა დაბადებიდანვე მემკვიდრეობით მიიღო.
ადამიანმა ცოდვა მემკვიდრეობით შეიძინა
ადამიანმა ასევე მშობლებისგან მემკვიდრეობით მრუშობის ცოდვაც შეიძინა. ის იბადება მრუშობის ლტოლვით. მას მტკიცედ აქვს განზრახული რომ იმრუშებს, როცა გარშემო არავინაა. ხალხს მოსწონს ბნელი ადგილები, როგორიცაა კაფეები და სალონები. ასეთი ადგილები მეტად პოპულარულია ცოდვილთათვის. რატომ? ეს ადგილები გამომსადეგია მემკვიდრეობის ცოდვის გამოსამჟღავნებლად.
კარგად აღზრდილ მამაკაცებსაც კი მოსწონთ ეს ადგილები. ისინი სახლში კარგი მამები და მაღალი სოციალური პოზიციის ადამიანები არიან, მაგრამ მიდიან ბნელ ადგილებში, რომლებიც ცოდვითაა სავსე. ისინი მიდიან იმ ადგილას, სადაც შეუძლიათ გამოამჟღავნონ თავიანთი ცოდვილი ბუნება და გამოიღონ ცოდვის ნაყოფი. ისინი ამგვარ ადგილებში ერთმანეთს ხვდებიან და მალევე, ერთი ჭიქა ალკოჰოლური სასმელის დალევის შემდეგ ძველ მეგობრებს ემსგავსებიან. ისინი შეხვედრისთანავე მეტად ახლობლები ხდებიან, რადგან ერთიმეორის მსგავსი ცოდვილი თვისებები აქვთ. "შენც გაქვს ეს? მე ეს მაქვს." "მეც იგივე მაქვს. შენ ჩემი მეგობარი ხარ." "რამდენი წლის ხარ?" "ასაკს მნიშვნელობა არ აქვს". "სასიამოვნოა შენი გაცნობა."
ადამიანები ერთმანეთს თავიანთ თანდაყოლილ ცოდვებს აჩვენებენ, როცა სხვა ცოდვილებს ხვდებიან, რადგან ამ ქვეყნად ცოდვილი თვისებებით დაიბადნენ. ცოდვა მათთვის ბუნებრივია. რატომ? იმიტომ, რომ გულში ცოდვა აქვთ და ამგვარად ბუნებისამებრ არიან შექმნილნი. მათთვის ანომალური იქნებოდა რომ არ შეეცოდათ. თუმცა, საზოგადოებაში ცხოვრებისას, ისინი ცოდვილი ცხოვრებისგან თავს იკავებენ, ვინაიდან თითოეულ საზოგადოებას თავისი სოციალური ნორმები გააჩნია. ასე რომ, ისინი თვალთმაქცობენ და თავს მოაჩვენებენ, როცა მათი საზოგადოების მიერ დადგენილი სოციალური ნორმების თანახნად იქცევიან. ადამიანები ამგვარად ცხოვრობენ და მათ, ვინც ასე არ იქცევა, სულელად და ბოროტად მიიჩნევენ. ადამიანი გარდაუვლად ცოდვილი იბადება, როგორც ბიბლია ამბობს: „ერთი ადამიანის მეშვეობით ცოდვა შემოვიდა ამ ქვეყნად“ (რომაელთა 5:12).
ეს მართალია. ვინმემ შეიძლება თქვას: „მე არ ვარ გარყვნილი. მე არ მაინტერესებს მინი ქვედაბოლოს მქონე ქალისთვის ყურება. ” მაგრამ მართლაა იგი გულგრილი? მან შეიძლება თავი ქალისადმი გულგრილად წარმოაჩინოს როცა მის ირგვლივ ბევრი ხალხია, მაგრამ არ შეუძლია გარყვნილობის ცოდვის ჩადენისგან თავის შეკავება, როცა მის გარშემო არავინ არის.
ცუდ ხეს ბოროტი ნაყოფი გამოაქვს, ისევე როგორც კარგ ხეს არ შეუძლია ბოროტი ნაყოფის გამოღება, და პირიქით. ადამიანმა უნდა იცოდეს რომ ცოდვილია. თუ ვინმე საკუთარ ცოდვებს აცნობიერებს, მას იესოს მეშვეობით ამ ცოდვებისგან გადარჩენა შეუძლია. მაგრამ ის ღმერთის მიერ გასამართლდება და ჯოჯოხეთში წავა, თუ თავს უცოდველად მოაჩვენებს და თავისი ცოდვების დამალვას ეცდება, მათი შემეცნების გარეშე. ადამიანები ცოდვილებად იბადებიან. მაშასადამე, ისინი გაფუჭებული ხეები არიან, რომლებსაც დაბადებიდანვე ცოდვის ნაყოფი გაომაქვთ.
ამიტომ მათ, ვინც პატარობიდანვე ანვითარებენ თავიანთ ცოდვილ ბუნებას, მშვენივრად ეხერხებათ მთელი ცხოვრების მანძილზე ცოდვების ჩადენა. ისინი, ვინც თავის ცოდვილ ბუნებას უფრო გვიან ავლენენ, ბოროტი ნაყოფის გამოღებას თავიანთი ცხოვრების ბოლო წლებში იწყებენ. კორეის ქალაქ ტაეგუსში ერთი მსახური ქალი იყო. როდესაც ის ახალგაზრდობაში ქრისტიანობაში მოიქცა, მან პირობა დადო რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში გაუთხოვარი დარჩებოდა, რათა როგორც ღვთისმსახურ ქალს უფლისთვის ეშრომა. ამისდა მიუხედავად, მან ეს პირობა დაარღვია და 60 წლის შემდეგ ქვრივზე დაქორწინდა. მან თავისი ცოდვილი ბუნება გვიან გამოავლინა. მრუშობის ცოდვის მემკვიდრეობა მან გვიან განავითარა.
ადამიანთა უმრავლესობას, როგორც წესი, ბავშვობიდანვე უნვითარდებათ ცოდვილი ხასიათი. ამ დღეებში ახალგაზრდები ბავშვობიდანვე ანვითარებენ თავიანთ ცოდვილ ბუნებას. ისინი გრძნობენ თაობათა უფსკრულს მათსა და უფროს თაობას შორის. მათ ზოგჯერ X-თაობას უწოდებენ. ამასთანავე, ჩვენ ღვთის სიტყვიდან შევისწავლეთ, რომ ცოდვილებად ვიბადებით და ვართ ის არსებები, რომელთაც არ შეუძლიათ მთელი ცხოვრების განმავლობაში არ გააგრძელონ ცოდვის ჩადენა. ეთანხმებით ამას?
კეთროვნობის რჯული
შემდეგ, ღმერთი ამბობს: “მაშასადამე, როგორც ერთი ადამიანის მიერ ცოდვა შემოვიდა ამ ქვეყნად, ხოლო ცოდვის მიერ - სიკვდილი, ასევე სიკვდილი გადავიდა ყველა ადამიანში, რადგან ყველამ შესცოდა” (რომაელთა 5:12). ცოდვა იწვევს ღმერთის მიერ ადამიანის გასამართლებას. ასე რომ, ცოდვილმა უნდა იცოდეს საკუთარი თავი და მიიღოს ცოდვების მიტევება. როგორ შეუძლია მას საკუთარი თავის შეცნობა? როგორ შეიძლება ყველა მისი ცოდვის მიტევება ღვთის წინაშე?
ღმერთმა ლევიანთა მე–13 თავში ასწავლა მოსეს და აარონს თუ როგორ შეემოწმებინათ კეთრი. ძველი აღთქმის ხანაში ბევრი კეთროვანი იყო. კეთრის შესახებ ბევრი არაფერი ვიცი, მაგრამ ახალგაზრდობაში ბევრი კეთროვანი მინახავს. ჩემს ერთ-ერთ მეგობარს ასევე კეთრი ჰქონდა.
ღმერთმა უთხრა მოსეს და აარონს რომ შეემოწმებინათ კეთრი და კეთროვანი პიროვნება ისრაელის ბანაკიდან გაეყვანათ. ღმერთმა ასწავლა მათ თუ როგორ გამოეკვლიათ თითოეული კეთროვანი. "თუ ადამიანს გამოაჩნდება თავისი სხეულის კანზე სიმსივნე, ან ლაქა, და თუ ეს გადაიქცევა მისი სხეულის კანზე კეთროვან წყლულად, მიყვანილ იქნას იგი აარონთან - მღვდელთან, ან ერთ-ერთთან მის ძეთაგან - მღვდელთან"(ლევიანნი 13:2). როდესაც მღვდელი ჩათვლიდა პიროვნების შემოწმების შემდეგ, რომ მას კანის დაავადება ჰქონდა, ის მას შვიდდღიან იზოლირებაში აქცევდა. შემდეგ, შვიდი დღის შემდეგ მღვდელი განმეორებით ამოწმებდა მის კანს.
თუ წყლული მთელ კანზე არ იყო გავრცელებული, მღვდელი მას სუფთას აცხადებდა, და ეუბნებოდა: „შენ სუფთა ხარ. შეგიძლია დაბრუნდე ბანაკში. ”
თუ კანზე თეთრი შეშუპება იყო, რომელიც თმასაც უთეთრებდა, და შეშუპებაში ღია ხორცის ლაქა სჩანდა, ეს კეთრი იყო, და მაშინ მღვდელი მას უსუფთაოდ აცხადებდა. ლევიანთა 13:9-11-ში ნათქვამია: "თუ კეთროვანი წყლული აქვს ადამიანს, მაშინ იგი მიყვანილ უნდა იქნას მღვდელთან. და ნახავს მღვდელი და, თუ სიმსივნე თეთრია კანზე და გათეთრებულია თმა და ცოცხალი ხორცის ხორცმეტობაა სიმსივნეზე, მაშინ ეს ძველისძველი კეთრია მის კანზე და მას მღვდელი უწმიდურად შერაცხავს. არ განამარტოვებს მას, რადგან იგი უკვე უწმიდურია”. ამ შემთხვევაში მღვდელს იგი ისრაელის ბანაკიდან არ გამოჰყავდა.
ჩვენს ქვეყანაშიც იგივეა. კორეაში კეთროვნებისთვის არსებობს იზოლირებული სოფლები, როგორიცაა "ყვავილების სოფელი" ან სოროკის კუნძული. დიდი ხნის წინ, როდესაც მანქანით სახლში მივემგზავრებოდი, ჩემმა მეუღლემ ხუმრობით მირჩია "ყვავილების სოფელი" დამეთვალიერებინა, როდესაც ზეგანაკვეთზე შემთხვევით მისი ნიშანი დაინახა. მაშინ გავიფიქრე, "შენ არ იცი რა არის "ყვავილების სოფელი"", და ვუთხარი: "ძვირფასო, ფიქრობ, ამ ქალაქის მონახულება გინდა?" მან თქვა: "დიახ". მაგრამ როცა გაიგო, რომ "ყვავილების სოფელი" იყო ადგილი სადაც კეთროვნები ცხოვრობდნენ, გაოგნებული დარჩა და ყვავილების სოფელში წასვალზე აღარასოდეს მეხუმრებოდა. კეთროვნები განმარტოებულ სოფლებში საზოგადოებისგან იზოლირებულნი არიან.
აქ, რასაც ჩვენ ყურადღება უნდა მივაქციოთ, არის ის, რომ მღვდელი ადამიანს განწმენდილს აცხადებდა როდესაც კეთრი გავრცელდებული იყო და მის მთელ კანს ფარავდა. როგორ ფიქრობთ, ამას აზრი აქვს? მღვდელი ადამიანს აიზოლირებდა როცა კეთრი მასზე ოდნავ იყო მოდებული, მაგრამ ბანაკში ცხოვრებას რთავდა, როცა კეთრის ჭირი მის მთელ კანს, თავიდან ფეხებამდე მოიცავდა.
ღმერთმა უთხრა მღვდელს, თუ როგორ გაეკეთებინა კეთრის კლასიფიცირება. "და თუ კანის დაავადება აყვავებულია კანზე და ფარავს მთელ კანს – თავიდან ფეხებამდე – რის დანახვაც შეუძლია მღვდელს" (ლევიანნი 13:12). ეს იყო ის გზა, რომლითაც ღმერთი მღვდელს კეთრის კლასიფიცირებას უხსნიდა.
რას გვეუბნება კეთროვნობის რჯული....
ის შემდეგს გვეუბნება. ადამიანები ცოდვილ თვისებებითურთ იბადებიან და მთელი ცხოვრება სცოდავენ, მაგრამ ზოგი მათგანი მხოლოდ რამოდენიმე ცოდვას ამჟღავნებს. ისინი სცოდავენ ხან ხელებით, ხან ფეხებით, და სხვა დროს, ხანგრძლივი ინტერვალების შემდეგ, თავისი აზრებით, ამიტომ გარეგნულად ისინი არ ამჟღავნებენ თავიანთ ცოდვებს. ვინ იტყვის, რომ ეს სერიოზულია დაავადებაა, როცა კეთრი მხოლოდ აქა იქ კანის მცირე ადგილებზეა მოდებული? მისი კეთრის შესახებ ვერავინ შეიტყობს.
ცოდვის მემკვიდრეობის გამო ადამიანი ცოდვილად იბადება. მაგრამ მან არ იცის, რომ ის ცოდვილია, მანამდე, სანამ უამრავ ცოდვას არ ჩაიდენს, თუმცა ღმერთმა იგი ცოდვილად გამოაცხადა. საბოლოო ჯამში ის გებულობს, რომ ის ცოდვილია ამ ქვეყნად.
ამასთან, ადამიანი, რომელიც თავს მეტად სათნოდ თვლის, სხვებზე უფრო მოხერხებულია და მხოლოდ ცოტას სცოდავს, არ უწყის რომ ის ცოდვილია. ღმერთმა უთხრა მღვდელს რომ გამოეცხადებინა პიროვნება, რომლის კეთრი ოდნავ იყო გავრცელებული, როგორც უწმინდური, და გამოეყო იგი საზოგადოებიდან. ცოდვილები განშორებულნი არიან ღმერთს. ხვდებით? ღმერთი წმინდაა. ადამიანი, რომელიც თვლის, რომ მას მხოლოდ მცირეოდენი ცოდვა აქვს, ვერ შევა ცათა სასუფეველში.
ვის შეუძლია ცათა სასუფეველში ცხოვრება? ცათა სასუფეველში შესვლა შეუძლიათ მხოლოდ მათ, ვისი ცოდვებიც მთელ სხეულზეა მოდებული, და ხვდებიან, რომ გარდაუვალი ცოდვილები არიან. ყველა მათი ცოდვა მათ იესოს რწმენით ეტევებათ და ღმერთთან ერთად მეფობისთვის ისინი ცათა სასუფეველში შევლენ.
ბიბლია ამბობს, რომ ღმერთი უწმინდურად აცხადებს ადამიანს, რომლის ცოდვაც ოდნავაა გავრცელებული. ღმერთი მოუწოდებს მათ, ვინც გამუდმებით სცოდავენ, მიუხედავად მათი ნებისა რომ არ შესცოდონ, და აღიარებენ, რომ სრული ცოდვილები არიან. იესომ თქვა: "მართალთა კი არა, ცოდვილთა მოსახმობად მოვედი" (მათე 9:13). ღმერთი მოუწოდებს ცოდვილებს და რეცხავს მათ ყველა ცოდვას. ღმერთმა მათ ყველა ცოდვა მიუტევა. მან უკვე ერთხელ და სამუდამოდ ჩამორეცხა მათი ცოდვები. იესომ აიღო ყველა მათი ცოდვა თავისი ნათლობით, განისაჯა მათთვის ჯვარზე და მართალი გახადა ისინი თავისი აღდგომის მეშვეობით, რათა ყველანი ცათა სასუფეველში შეეყვანა.
ჩვენ საკუთარი თავი უნდა შევიცნოთ
ჩვენ უნდა ვიცოდეთ, ვართ სრული ცოდვილები თუ ნაწილობრივი. ღმერთი ადამიანს განწმენდილად აცხადებს, როცა მისი კეთრი სხეულის მთელ კანზე ვრცელდება. ღმერთმა კეთრის კანონი ამგვარად დაადგინა. ადამიანს, რომელმაც იცის, რომ ცოდვებითაა სავსე, არ შეუძლია არ დაიჯეროს წყლისა და სულის სახარება, და იღებს ცოდვების მიტევებას, როცა იესო მასთან მოდის და ეუბნება რომ მან ყველა მისი ცოდვა თავისი ნათლობით და ჯვრით ამოშალა. ამასთანავე, ნაწილობრივი ცოდვილი, რომელიც თვლის რომ ის ცოდვით სავსე არაა, სახარებას უგულებელყოფს.
რჩება თუ არა რაიმე ცოდვა, თუ იესომ ისინი მთლიანად ამორეცხა? არა. ჩვენ შეგვიძლია ცოდვების მიტევების ერთხელ და სამუდამოდ მიღება. ამიტომ ცოდვილმა უნდა იცოდეს საკუთარი თავი. მისი ყველა ცოდვის აღმოფხვრა შესაძლებელია როცა მან საკუთარი თავი შეიცნო. ადამიანები მიდრეკილნი არიან ღმერთთან მხოლოდ თავისი მცირე ცოდვები მიიტანონ. “უფალო, მე შევცოდე. არ მინდოდა, მაგრამ მან მაიძულა ამის გაკეთება. გთხოვ მხოლოდ ამ შემთხვევისთვის მაპატიე და მომავალში აღარ შევცოდავ". ისინი ღმერთს მხოლოდ მცირე ცოდვებს უზიარებენ. მაშინ ღმერთი ამბობს: "შენ უწმინდური ხარ".
ადამიანს არ გააჩნია სამართლიანობა ღვთის წინაშე. “ვიარსებებ თუ არ ვიარსებებ, აბსოლუტურად შენზეა დამოკიდებული, ღმერთო. მე ცოდვილი ვარ და ჯოჯოხეთში წასასვლელად ვარ განწირული. შენი ნება იყოს ღმერთო, მაგრამ გთხოვ, შემიწყალე და დამიხსენი. გთხოვ, გადამარჩინე თუ ღმერთი ხარ. მაშინ მე გიწამებ შენ და ვიცოცხლებ შენი ნების შესაბამისად”. ღმერთი იხსნის იმ ადამიანს, რომელიც აღიარებს რომ ცოდვებით არის სავსე.
ადამიანს მემკვიდრეობით მიღებული აქვს ცოდვა, რომელსაც 12 სახის ბოროტი აზრი გააჩნია
მოდით შევხედოთ მარკოზის 7:20-23-ს. "კაცისაგან გამომავალი ბილწავს კაცს. ვინაიდან ადამიანის გულიდან გამოდის ბოროტი ზრახვანი, სიძვანი, ქურდობანი, მკვლელობანი, მრუშობანი, ანგარებანი, მზაკვრობანი, ვერაგობანი, გარყვნილებანი, თვალბოროტებანი, გმობანი, ამპარტავნება და უგუნურება. ყველა ეს ბოროტება შიგნიდან გამოდის და ბილწავს ადამიანს". ანუ, შიგნიდან, ადამიანის გულიდან გამოდიან ბოროტი ზრახვები. ადამიანს ცოდვა მემკვიდრეობით აქვს მიღებული. ხვდებით? ადამიანს მთელი ცხოვრების განმავლობაში აქვს ბოროტი ზრახვანი. მისი გადარჩენის საშუალება არ არსებობს, თუ მას ყველა ცოდვა ერთხელ და სამუდამოდ არ მიეტევა.
ადამიანი იბადება ამ 12 სახის ბოროტი აზრებით: მრუშობა, სიძვა, მკვლელობა, ქურდობა, სიძუნწე, ვერაგობა, მზაკვრობა, გარყვნილობა, ბოროტი თვალი, გმობა, ამპარტავნება და უგუნურება. ამრიგად, მას არ შეუძლია არ განაგრძოს ცოდვის მთელი ცხოვრების მანძილზე ჩადენა. ადამიანი, ვისაც ცოდვები არ ეპატია, ცოდვილია, მიუხედავად იმისა, რომ მას არ სურს ასე ცხოვრება. ყველაფერი რაც ადამიანისგან გამოდის, როგორიცაა მისი ზრახვანი და საქციელი, - ცოდვილია ღვთის წინაშე.
ცოდვილისთვის თვალთმაქცობაა რომ ეცადოს იყოს კარგი. ის მხოლოდ თავს მოაჩვენებს სათნოდ. ეს ღმერთის მოტყუებაა. ცოდვილად დაბადებულმა ადამიანმა უნდა იცოდეს საკუთარი თავი, რომ გადარჩეს. მაგრამ თუ ადამიანმა არ იცის რომ ცოდვილია, ის ჭირვეულობს როცა სცოდავს და იძახის: "ოჰ, რატომ ვაკეთებ მე ამას?" ის თავის თავს იტყუებს.
ადამიანს ბოროტი აზრები გააჩნია. კაცმა შეიძლება იფიქროს: „რატომ მიჩნდება ბოროტი აზრები? არა, მე არ უნდა დავუშვა ისინი. რატომ ვფიქრობ უწმინდურ რამეებზე? ჩემი მასწავლებელი მეუბნებოდა რომ სიკეთე ვაკეთო". ის ასე ფიქრობს, რადგან არ იცის თუ რატომ აკეთებს გარკვეულ რაღაცეებს. ის წუხდება თავისი ქურდობისა და მრუშობის გამო, რადგან არ იცის რომ მან ცოდვა მემკვიდრეობით მიიღო. მკვლელობა, მრუშობა, სიძვა, გარყვნილობა, ვერაგობა, მზაკვრობა, ბოროტი თვალი, გმობა, ამპარტავნება და უგუნურება მისგან ერთი მეორის შემდეგ უწყვეტად გამოედინება. ასე რომ, მას სძულს საკუთარი თავი და სირცხვილს განიცდის, ყოველივე ამის მიზეზის გაგების გარეშე.
ჩვენ ცოდვის გროვები ვართ და მთელი ჩვენი ცხოვრების განმავლობაში გამოგვაქვს 12 სახის ბოროტი ნაყოფი, რადგან ჩვენ ცოდვილებად ვართ დაბადებული, რომლებმაც ჩვენი წინაპრის, ადამისგან, ცოდვა მემკვიდრეობით მივიღეთ. ნეტარ არიან ისინი, ვინც იცის, რომ ცოდვილნი არიან.
ადამიანი ეძებს იესოს, მაცხოვარს, რომელიც იხსნის მას ყველა მისი ცოდვებისგან, როცა იცის, რომ ის არის დაუნდობელი ცოდვილი. ეს არის ადამიანისთვის ღმერთის კურთხევის მისაღებად ერთადერთი გზა. ამასთანავე, ადამიანი არ ეძებს მაცხოვარს, თუ მან საკუთარი თავი არ იცის. ადამიანი, რომელიც კარგად იცნობს თავის თავს, უარყოფს საკუთარ თავს, სტოვებს თავის ძალისხმევას, სტოვებს ადამიანებზე დამოკიდებულებას, ეძებს იესო ქრისტეს, რომელიც არის ღმერთი, მხსნელი და წინასწარმეტყველი, და იესო ქრისტეს მადლით პატიებას ღებულობს.
ცოდვილებმა უნდა იცოდნენ საკუთარი თავი, რადგან ვინც იცნობს საკუთარ თავს, შეუძლია გახდეს კურთხეული ღვთის წინაშე. ვინც საკუთარ თავს არ იცნობს, კურთხეული ვერ იქნება. ამიტომ ცოდვილებმა უნდა შეიცნონ საკუთარი თავი, ისეთებად როგორიც არიან. ხვდებით? ოდესმე ჩაგიდენიათ რაიმე ბოროტება ცოდვების მიტევების მიღებამდე? თუ ჩაგიდენიათ, იცით რატომ მოხდა ეს? თქვენ ბოროტება თქვენი ნების საწინააღმდეგოდ ჩაიდინეთ, რადგან ცოდვა მემკვიდრეობით მიიღეთ.
როგორც ერთი ადამიანის მეშვეობით ცოდვა შემოვიდა სამყაროში, და სიკვდილი - ცოდვის მეშვეობით
სიკვდილი გარდაუვალია ადამიანებისთვის, რადგან მათ ცოდვა აქვთ. ადამიანმა უნდა ეძებოს იესო და შეხვდეს მას ცოდვისგან განთავისუფლების მიზნით, რათა მისი ცოდვები ამოიშალოს. შემდეგ ის შეძლებს მარადიული სიცოცხლის მიღებას. გინდათ განთავისუფლდეთ ყველა თქვენი ცოდვისგან?
"მაგრამ სიკვდილი მეფობდა ადამიდან მოსემდე მათზეც, რომელთაც არ შეუცოდავთ, როგორც შესცოდა ადამმა, რომელიც მომავლის სახეა. მაგრამ მადლი არაა დანაშაულივით, რადგან თუ ერთის დანაშაულით მრავალი გაწყდა, მით უმეტეს, ბევრად ჭარბობს მრავალთა მიმართ ღვთის მადლი და ნიჭი ერთი კაცის, იესო ქრისტეს, მადლით. ხოლო ნიჭი იგივე არ არის, რაც შედეგი ერთი შემცოდისაგან, ვინაიდან მსჯავრი ერთისაგან გამოდის განსაკითხავად, ნიჭი მადლისა კი მრავალი დანაშაულის გასამართლებლად. ვინაიდან, თუ ერთის დანაშაულით სიკვდილი სუფევდა ერთის მიერ, მით უმეტეს ისინი, რომლებიც უხვად მიიღებენ მადლს და სიმართლის ნიჭს, იმეფებენ სიცოცხლეში ერთის, იესო ქრისტეს, მეშვეობით. ამრიგად, თუ ერთის დანაშაულით ყველა ადამიანს დაედო მსჯავრი, ასევე ერთის სიმართლით ყველა ადამიანი გამართლდება სასიცოცხლოდ. ვინაიდან, როგორც ერთი კაცის ურჩობით ბევრი გახდა ცოდვილი, ასევე ერთის მორჩილებით ბევრი გახდება მართალი. რჯული კი შემდეგ შემოვიდა, რომ ემრავლა დანაშაულს. ხოლო სადაც ცოდვამ იმრავლა, უფრო გაუხვდა მადლი, რათა, როგორც ცოდვა მეფობდა სიკვდილით, ასევე მადლს ემეფა სიმართლის მეოხებით საუკუნო სიცოცხლისათვის ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს მიერ." (რომაელთა 5:14-21).
"ამიტომ, როგორც ერთი ადამიანის მიერ ცოდვა შემოვიდა ამ ქვეყნად, ხოლო ცოდვის მიერ - სიკვდილი, ასევე სიკვდილი გადავიდა ყველა ადამიანში, რადგან ყველამ შესცოდა" (რომაელთა 5:12).
ვინ არის ეს ერთი კაცი? ადამი. ევაც ერთი კაციდან, ადამიდან გამოვიდა. ასე რომ ბიბლია ამბობს: "ერთი კაცის მიერ". ღმერთმა დასაწყისში შექმნა ერთი ადამიანი და ერთი ადამიანის მეშვეობით სამყაროში ცოდვა შემოვიდა. ედემის ბაღში ჩვენს თვალწინ ორი ადამიანი ჩანს, მაგრამ ღმერთის თვალწინ, ფაქტობრივად, ერთი კაცი იყო. კაცობრიობის ყველა ერი გავრცელდა ერთი ადამიანის, ადამის მიერ.
სიტყვები: "ერთი ადამიანის მეშვეობით ცოდვა შემოვიდა ამ ქვეყნად" ნიშნავს, რომ ადამის ყველა შთამომავალი ცოდვილი გახდა, ვინაიდან ადამმა შესცოდა. სიკვდილი გადავიდა მთელ კაცობრიობაზე, რადგან ყველამ შესცოდა. ცოდვის გამო სიკვდილი ყველა ადამიანს მიუსაჯეს. ღმერთს არ შეუძლია შეიწყნაროს ცოდვასთან ერთად მყოფი ადამიანი.
ღმერთი ყოვლისშემძლეა, მაგრამ მას არ შეუძლია გააკეთოს ორი რამ: მას არ შეუძლია სიცრუის თქმა და არც ცოდვის მქონე ადამიანის ცათა სასუფეველში შეყვანა. ის ასრულებს თავის რჯულს, თავისი დაპირების თანახმად. ღმერთი, რა თქმა უნდა, გაასამართლებს ცოდვილ ადამიანს, რადგან ღმერთს არ შეუძლია თქვას ტყუილი და არც უგულებელყოს მის მიერ დადგენილ კანონი. ყველა ადამიანი გახდა ცოდვილი ერთი ადამიანის, ადამის მიერ, რომელიც დაეცა და შესცოდა ღმერთის წინაშე. ღვთის განკითხვა და სიკვდილი გავრცელდა მთელ კაცობრიობაზე, რადგან ისინი გახდნენ ცოდვილნი და დაიბადნენ ერთი ადამიანის, ადამის შთამომავლებად. სიკვდილი როგორც ასეთი, ყველა მათგანზე გავრცელდა.
როდესაც ღმერთმა თავდაპირველად ადამიანი შექმნა, სიკვდილი არ არსებობდა. მანდ იყო არა მხოლოდ სიკეთისა და ბოროტების შემეცნების ხე, არამედ სიცოცხლის ხეც. ღმერთმა უბრძანა ადამს რომ ეჭამა ნაყოფი სიცოცხლის ხიდან და მარადიული ცხოვრებით ეცხოვრა. მაგრამ ადამი სატანის მიერ იქნა მოტყუებული და სიკეთისა და ბოროტების შემეცნების ხის ნაყოფი იგემა, რომლის ჭამაც ღმერთმა აუკრძალა, რითაც ღმერთს მისი სიტყვის მიტოვებით დაუპირისპირდა, ასე რომ, ცოდვის გამო სიკვდილი მსოფლიოს ყველა ადამიანზე გავრცელდა. სიკვდილი შემოვიდა სამყაროში ერთი ადამიანის, ადამის, მეშვეობით.
რატომ მისცა ღმერთმა ადამიანს რჯული?
ცოდვა სამყაროში ადამის მეშვეობით რომ არ შემოსულიყო, სიკვდილი ყველა ადამიანზე ვერ გავრცელდებოდა. რატომ კვდება ადამიანი? ის კვდება ცოდვის გამო. ცოდვა სამყაროში ერთი ადამიანის მიერ შემოვიდა და სიკვდილი ყველა ადამიანზე გავრცელდა. ცოდვა ამ ქვეყნად რჯულის მიღებამდეც იყო, მაგრამ რჯულის გამოჩენამდე ადამიანებს ცოდვის ცოდნა არ გააჩნდათ.
ღვთის რჯული მოსეს მეშვეობით ყველა ადამიანს მიეცა. ცოდვა ადამისა და ნოეს დროსაც არსებობდა, მაგრამ მოსეს დრომდე ღმერთს რჯული არ ჰქონდა დაწესებული. ამასთანავე, ბიბლია ამბობს რომ ცოდვა ყველა იმ ადამიანის გულში იყო, ვინც იმ დროს ცხოვრობდა.
მოდით შევხედოთ რომაელთა 5:13-ს. "ვინაიდან რჯულამდეც იყო ცოდვა ამ ქვეყნად, მაგრამ, თუ რჯული არ არის, ცოდვა არ შეირაცხება". ცოდვა მაშინაც კი იყო, როცა ამ სოფლად რჯული არ არსებობდა. ამიტომ, ყველა ადამიანი უნდა მოკვდეს, რადგან შესცოდეს ღვთის წინაშე. ცოდვის ცოდნის მისაცემად ღმერთმა დაუდგინა მათ რჯული, რომელიც შედგება 613 სახის მცნებებისაგან, რომლებიც მასთან მიმართებაში და ადამიანთა შორის უნდა დაცულიყო. რა გაიგო ხალხმა ღვთის რჯულის მეშვეობით? მათ იგრძნეს, რომ ცოდვილნი იყვნენ ღვთის თვალში და მიხვდნენ, რომ ცოდვა ჰქონდათ. ხალხი მიხვდა, რომ მათ არ შეეძლოთ ღვთის რჯულის დაცვა.
ამრიგად, მათ თავიანთი ცოდვები შეიცნეს. ადამისა და ევას შთამომავლებმა იცოდნენ, რომ ცოდვილები იყვნენ და რომ მხოლოდ ღმერთს შეეძლო მათი ცოდვების მიტევება. მაგრამ დროთა განმავლობაში მათ დაავიწყდათ რომ ცოდვილნი გახდნენ და ცოდვა მემკვიდრეობით თავიანთ წინაპარ ადამისგან მიიღეს. იმ დროს, მათ ეგონათ რომ ცოდვილები მხოლოდ მაშინ იყვნენ, როცა სცოდავდნენ, მაგრამ არ უწყოდენ, რომ მაშინაც კი იყვნენ ცოდვილები, როცა არ სცოდავდნენ. მაგრამ ისინი ამაში ცდებოდნენ. ამ დღეებში, ბევრი ადამიანი ისევ ფიქრობს, რომ ისინი ცოდვილები შეცოდების შემთხვევაში ხდებიან და რომ თუ არ სცოდავენ, ცოდვილები არ არიან. სინამდვილეში, ყველა ადამიანი ცოდვილია, განურჩევლად იმისა, სცოდავენ ისინი თუ არა, რადგან მათ ცოდვა დაბადებიდანვე მემკვიდრეობით მიიღეს.
ადამიანები გარდაუვალი ცოდვილები არიან, მანამდე სანამ ამ ცოდვებისგან არ გათავისუფლდებიან. ასე რომ, ღმერთმა მათ რჯული ცოდვის შემეცნებისთვის მისცა. ადამიანი, რომელიც ღმერთს მისი რჯულის საშუალებით იცნობს და აღიარებს ამ რჯულს, იცის რომ ის არის მძიმე ცოდვილი. ადამიანი სერიოზული ცოდვილი ხდება, როგორც კი ის სრულად გებულობს ღმერთის რჯულს.
სიკვდილი ყველა ადამიანზე ერთი ადამიანის მეშვეობით გავრცელდა
რომაელთა 5:13-14-ში ნათქვამია: "ვინაიდან რჯულამდეც იყო ცოდვა სოფელში, მაგრამ, თუ რჯული არ არის, ცოდვა არ შეირაცხება. მაგრამ სიკვდილი მეფობდა ადამიდან მოსემდე მათზეც, რომელთაც არ შეუცოდავთ, როგორც შესცოდა ადამმა, რომელიც მომავლის სახეა".
ღმერთი ამბობს რომ ყველა ადამიანი ერთი ადამიანის მიერ გახდა ცოდვილი და რომ სიკვდილი მათზე ერთი ადამიანის მეშვეობით გავრცელდა. სიკვდილი გავრცელდა ყველა მათგანზე ცოდვის მეშვეობით. ეს მოხდა ერთი კაცის გამო. ვინ არის ეს ერთი კაცი? ადამი. ჩვეულებრივ, ეს ცნობილია. ამასთანავე, ბევრმა ეს ჯერ არ იცის. ბევრმა ქრისტიანმაც კი არ იცის ამის შესახებ. ისინი ჰყოფენ ცოდვას თავდაპირველ ცოდვასა და ამჟამად არსებულ ცოდვებად და თვლიან, რომ მათი არსებული ცოდვების პატიება ყოველდღიური მონანიების ლოცვებითაა შესაძლებელი. მათ არ ესმით რომ მათი განკითხვის და ჯოჯოხეთში წასვლის მიზეზი არის ადამი.
თავიანთი ცოდვების გამო ადამის შთამომავლებს არავითარი კავშირი არა აქვთ ღმერთთან, რაც არ უნდა ეცადონ იყვნენ კარგები. ღმერთი განიკითხავს ყველა მათგანს, რადგან ისინი ადამის შთამომავლები არიან, რაოდენ ძლიერადაც არ უნდა ეცადონ სათნო ცხოვრება. ისინი ჯოჯოხეთის მარადიულ ცეცხლში იქნებიან ჩაგდებულნი მათი საერთო წინაპრის, ადამის გამო.
ადამი არის მომავლის წინასახე
დაწერილია რომ ადამი არის იმის წინასახე, ვინც უნდა მოსულიყო. ყველა ადამიანი გახდა ცოდვილი და სიკვდილი მათთან ერთი ადამიანის მეშვეობით მოვიდა. ამასთანავე, მთელი კაცობრიობა ერთი ადამიანის, იესო ქრისტეს მეშვეობით ხდება მართალი, ისევე როგორც ყველა ადამიანი ცოდვილი ერთი ადამიანის, ადამის მიერ გახდა. ასეთია ღმერთის კანონი.
ადამიანებმა შექმნეს რელიგიები, რადგან ღვთის რჯულს არ იცნობდნენ. ისინი ამბობენ რომ გადარჩენის მოსაპოვებლად მათ კარგი საქმეები უნდა აკეთონ, მაშინაც კი როცა იესო სწამთ. რაოდენ ფართოდ არის ეს გავრცელებული მსოფლიოში და რამდენად ხშირად იძახიან ისინი ამ ტყუილს! ისინი ასწავლიან ხალხს და ეუბნებიან: "შენ ღვთისმოსავი უნდა იყო, როგორც ქრისტიანი". ჩვენი ცოდვები საქმეებით არასოდეს იშლება.
“ადამი არის მომავლის წინასახე”. ვინ არის ის ადამიანი, რომელიც ჩვენი თავის ცოდვებისგან დასახსნელად უნდა მოსულიყო? ეს არის იესო ქრისტე. იესო ამ ქვეყნად იქნა მოვლენილი და თავისი ნათლობით ერთხელ და სამუდამოდ, კანონიერად წაიღო სამყაროს ყველა ცოდვა რათა ჩვენ მას მართლები გავეხადეთ, და ჯვარს ეცვა, რათა განკითხვისგან გადავერჩინეთ.
ცოდვა შემოვიდა სამყაროში იმის გამო რომ სატანამ ღმერთის ქმნილება ადამი მოატყუა. ცოდვა ამ ქვეყნად ადამის მეშვეობით შემოვიდა. მაგრამ იესო ქრისტე, მაცხოვარი, შემოქმედი და მეფეთა მეფე, რომელიც ყოვლისშემძლეა, მოვლენილ იყო ადამიანის ხორცის მსგავსებაში, რათა კაცობრიობა ცოდვებისაგან ერთხელ და სამუდამოდ გადაერჩინა. მან ერთხელ და სამუდამოდ აღმოფხვრა სამყაროს ცოდვები. მან თავის ნათლობაში ერთხელ და სამუდამოდ იტვირთა წუთისოფლის ცოდვები და თავისი ჯვარცმით ცოდვების სრული საზღაური გადაიხადა.
ადამიანი იღებს ახალ სიცოცხლეს და აქვს გამოსყიდვა, თუ სჯერა, რომ იესო მოვლენილ იქნა ყველა ცოდვის აღმოსაფხვრელად, რაც არ უნდა მძიმე ყოფილიყო ამ ადამიანის ცოდვები. ღმერთმა დაგეგმა და გადაწყვიტა ცისა და დედამიწის შექმნა, რათა ჩვენ მისი შვილები გავეხადეთ. ის მოვიდა ამ სოფლად და სრულყოფილად შეასრულა თავისი დანაპირები. ასე რომ, ჩვენ ნამდვილად არ გვაქვს ცოდვა. ღმერთს არასოდეს დაუშვია შეცდომა. ადამი იყო იმის წინასახე რომელიც უნდა მოვლენილიყო. მე არ მესმის, რატომ ეყრდნობიან ადამიანები საკუთარ საქმეებს. ჩვენი ხსნა მთლიანად იესოზეა დამოკიდებული. ადამიანები ცოდვილნი გახდნენ ერთი კაცის, ადამის მიერ, და გამოსყიდვაც ერთი კაცის, იესოს მეშვეობით მიიღეს.
ერთადერთი რისი გაკეთება დაგვრჩენია, არის ცოდვების მიტევების ხსნის რწმენა. ეს არის ერთადერთი რამ, რაც უნდა გავაკეთოთ. ჩვენ არაფერი გვაქვს გასაკეთებელი გარდა იმისა რომ გავიხაროთ იმით, რომ იესომ ყველა ჩვენი ცოდვა ამოშალა. ასე რომ, რატომ აიძულებთ სხვებს ასე გულმოდგინედ აკეთონ კეთილი საქმეები? შეუძლიათ ადამიანებს თავიანთი საქმეების მეშვეობით ცოდვებისგან გათავისუფლება? არა. ხსნა დამოკიდებულია მხოლოდ ცოდვების მიტევების რწმენაზე.
მადლი არაა დანაშაულივით
რომაელთა 5:14-16 ამბობს, “მაგრამ სიკვდილი მეფობდა ადამიდან მოსემდე მათზეც, რომელთაც არ შეუცოდავთ, როგორც შესცოდა ადამმა, რომელიც მომავლის სახეა. მაგრამ მადლი არაა დანაშაულივით, რადგან თუ ერთის დანაშაულით მრავალი გაწყდა, მით უმეტეს, ბევრად ჭარბობს მრავალთა მიმართ ღვთის მადლი და ნიჭი ერთი კაცის, იესო ქრისტეს, მადლით. ხოლო ნიჭი იგივე არ არის, რაც შედეგი ერთი შემცოდისაგან, ვინაიდან მსჯავრი ერთისაგან გამოდის განსაკითხავად, ნიჭი მადლისა კი მრავალი დანაშაულის გასამართლებლად.”
რას ნიშნავს ეს მუხლები? ბიბლია ამბობს, "მაგრამ მადლი არაა დანაშაულივით". მადლი აქ ღმერთის ხსნას მიუთითებს. ეს ნიშნავს, რომ ყველა ადამიანი, ვინც ადამისგან ცოდვა დაიმკვიდრა, განწირული იყო ჯოჯოხეთისთვის, მაგრამ მათი ცოდვების მიტევება გახდა უპირობოდ შესაძლებელი იესოს რწმენით, რომელმაც ყველა მათი ცოდვა გაანადგურა. ეს ასევე ნიშნავს იმას რომ იესომ უკვე ჩვენი მომავალი ცოდვებიც ამოშალა.
ადამიანი, რომელიც ადამის შთამომავლად დაიბადა, ცოდვილია, თუნდაც ის არ სცოდავდეს. ამიტომ, მას არ შეუძლია თავი აარიდოს ჯოჯოხეთში მოხვედრას, კიდეც რომ არ შეეცოდა. იესო მოვიდა ამ ქვეყნად და გახდა ჩვენი მხსნელი. უსასყიდლო საჩუქარი იმაში მდგომარეობს რომ იესომ ჭარბი გამოსყიდვა მოგვიტანა, იმ ცოდვების მისატევებლად, რომელთა ჩადენასაც ადამიანები სამყაროს აღსასრულამდე აგრძელებენ.
აქედან გამომდინარე, ერთი კაცოს უფასო საჩუქარი აღემატება ერთი კაცის დანაშაულს. თუ ადამიანი ღმერთის წინააღმდეგ ყოფნის ცოდვას ჩაიდენს, მაშინ მხოლოდ ეს ერთი ცოდვა უკვე საკმაოდ სერიოზულია რომ ის ღვთის მიერ განისაჯოს და ჯოჯოხეთში მოხვდეს. მაგრამ უფლის საჩუქარი, რომელმაც უკვე ამოშალა ყველა ჩვენი ცოდვა და უკეთურება, აღემატება ერთი ადამიანის დანაშაულს.
ეს ნიშნავს, რომ იესოს სიყვარული და ცოდვების მიტევების საჩუქარი უფრო დიდია, ვიდრე ყველა ადამიანის დანაშაული. უფალმა საკმარისად სრულად აღმოფხვრა მსოფლიოს ყველა ცოდვა. იესოს სიყვარული, რომელმაც გვიხსნა, და მისი ხსნის ძღვენი, უფრო უხვი და დიდია, ვიდრე ერთი ადამიანის მიერ ჩადენილი დანაშაული. უფალმა უკვე წაშალა ღმერთის მიმართ ურჩობის ცოდვები, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ხორცით ჩვენ მას ვეწინააღმდეგებით. ახლა უფალს უნდა რომ ვიწამოთ, რომ მან უკვე ერთიანად მოკვეთა წუთისოფლის ცოდვები. ამიტომაც მან, როგორც ღმერთის კრავმა, რომელმაც ქვეყნიერების ცოდვები წაიღო, ცოდვილები ყველა მათი ცოდვისგან იხსნა.
თეორია რომელიც ამბობს, რომ ჩვენი ცოდვები იშლება, როცა ღმერთი გვწამს და არ იშლება, როდესაც მისი არ გვწამს, სიმართლეს არ შეესაბამება. ღმერთმა ურწმუნოების ცოდვებიც წაშალა, რადგან მას უყვარს მსოფლიოს ყველა ადამიანი, მაგრამ ადამიანებს არ სურთ ღვთის სიყვარულის მიღება. არავინ არის გამორიცხული ღვთის სიყვარულისა და ხსნისაგან. ღვთის ხსნა მოდის მათთან, ვისაც სწამს სახარების ჭეშმარიტება, სადაც ნათქვამია, რომ იესომ ყველა ჩვენი ცოდვა წაშალა.
ჩვენ იმენად სუსტი არსებები ვართ. ღმერთი უცოდველებად მიიჩნევს მათ, ვისაც სწამს, რომ იესომ ყველა ცოდვა წაშალა. ჩვენ ჩვენს ხორცში ჯერ კიდევ ბევრი სისუსტე გვაქვს, მას შემდეგაც კი, რაც ჩვენი ცოდვები მიტევებულია. ჩვენ ხშირად ვებრძვით ღმერთს და ვცდილობთ უკუვაგდოთ მისი სამართლიანობა, როცა მის ნებას არ ვეთანხმებით. მაგრამ ღმერთი ამბობს: "მე შენ მიყვარხარ და მე შენ გადაგარჩინე. მე უკვე ამოვშალე ცოდვები, რომლებიც აქამდე ჩაგიდენია". "ოჰ! ეს მართალია, უფალო?" "დიახ, მე ამოვშალე ყველა ცოდვა". "მადლობა, უფალო. მე გადიდებ შენ. მე არ შემიძლია არ განგადიდო, რადგან შენ ისე შემიყვარე, რომ შენი უარყოფის ცოდვაც კი ამოშალე".
ისინი ვინც იყვნენ ცოდვილნი, გახდნენ მართალნი და სიყვარულის მონები. მათ თავი დაუხარეს მის სიყვარულს. მათ არ შეუძლიათ არ სწამდეთ იესო, რადგან უფალმა მისი უარყოფის ცოდვაც ამოშალა, მიუხედავად იმისა, რომ ისინი მას თავისი სისუსტეების გამო უარყოფენ, ისევე როგორც ეს პეტრემ ქნა. ეს მათ უფალს ადიდებინებს. ამიტომ არის რომ პავლე მოციქული ამბობს რომ ღვთის ხსნა უფრო დიდია, ვიდრე ერთი ადამიანის დანაშაული.
იესომ ყველა ცოდვა წაიღო; თავდაპირველი ცოდვა, რომელიც მემკვიდრეობით იქნა მიღებული და ფაქტობრივი ცოდვები, რომლებსაც ჩვენი საქმეებით სამყაროს აღსასრულამდე ვიდენთ. ამიტომ, რაოდენ დიდია ღვთის სიყვარული! ამრიგად, ბიბლია ნაგულისხმევად ამბობს: „აჰა! ღვთის კრავი, რომელსაც მიაქვს ქვეყნიერების ცოდვა!” (იოანე 1:29).
მართალნი მეფობენ ცხოვრებაში ერთის, იესო ქრისტეს მეშვეობით
მონანიების ლოცვებით წუთისოფლის ცოდვების პატიება შეუძლებელია. მორწმუნეებს არა აქვთ ცოდვა და ისინი ყველა ცოდვისგან იღებენ ხსნას, რადგან უფალმა უკვე ის ცოდვებიც კი აღმოფხვრა, რომლებიც მათ მიერ მომავალში იქნება ჩადენილი. რომაელთა 5:17-ში ნათქვამია: "ვინაიდან, თუ ერთის დანაშაულით სიკვდილი სუფევდა ერთის მიერ, მით უმეტეს ისინი, რომლებიც უხვად მიიღებენ მადლს და სიმართლის ნიჭს, იმეფებენ სიცოცხლეში ერთის, იესო ქრისტეს, მეშვეობით".
ჩვენ დალოცვილი ვართ მადლით. ვინ არიან ისინი, ვინც ღებულობენ მადლის სიუხვეს და სიმართლის ნიჭს? ეს ისინი არიან, ვისაც სწამს უფალი და რომელთა ცოდვები მისდამი რწმენითაა მიტევებული. ჩვენ ვადიდებთ უფალს, რადგან მივიღეთ ცოდვათა მიტევების მადლი. “ისინი, რომლებიც უხვად მიიღებენ მადლს და სიმართლის ნიჭს, იმეფებენ სიცოცხლეში ერთის, იესო ქრისტეს, მეშვეობით”. ჩვენ ვართ მეფეები, რომლებიც მეფობენ ამ სიცოცხლეში.
მეფობა მხოლოდ მეფეებს შეუძლია. ჩვენ ამჟამად ვმეფობთ. ვის შეუძლია მეფეებთან ბრძოლა? ჩვენ, ვინც ვიღებთ მადლის სიუხვეს და სიმართლის ნიჭს, ყოველდღე ვმეფობთ. ჩვენ ვმეფობთ დღეს და ვიმეფებთ ხვალ. ყველა ვინც ჩვენ, მეფეებს, სიკეთეს გვიჩენს, ნეტარნი არიან და ჩვენთან ერთად მეფობა შეეძლებათ. მაგრამ ვისაც არ სწამს ჭეშმარიტების სახარება, რომელსაც მეფეები ქადაგებენ, ჯოჯოხეთში წავა.
ამ ქვეყნად არსებობდა ბევრი მეფე ვინც გადარჩა, და იყო ბევრი ადამიანი ვინც ჯოჯოხეთში წავიდა, იმის გამო რომ მეფეებს ეწინააღმდეგებოდნენ. მათ კეთილგანწყობა უნდა გამოეჩინათ მეფეების მიმართ, მაგრამ მათ ეს არ გააკეთეს. მათ შეეძლოთ თვითონაც მეფეები გამხდარიყვნენ, ჭეშმარიტების მაძიებლის თვალები და გული რომ ჰქონოდათ.
მეფობთ თქვენ? ჩვენ დარწმუნებით ვამაყობთ ჩვენი მეფობის სტატუსით ამ ქვეყანაზე. ჩვენ ვაცხადებთ, რომ ურწმუნოები ჯოჯოხეთში წავლენ, როცა ისინი ჩვენს წინააღმდეგ იბრძვიან. მხოლოდ მეფეებს შეუძლიათ ამის გაკეთება. ჩვენ ნამდვილი მეფეები ვართ. არის ვინმე ვინც არ მეფობს მართალთა შორის? მათთვის თავხედობა იქნებოდა, რომ არ ემეფად. მეფე უნდა მეფობდეს. "თქვენ არასწორი აზრები გაქვთ. თქვენ ჯოჯოხეთში წახვალთ, თუ არ მიიღებთ ჭეშმარიტებას". მეფე უნდა მოიქცეს როგორც მეფე. მეფე უნდა იყოს ღირსეული და უბრძანოს ცოდვილებს რომ ირწმუნონ.
მეფეს შეუძლია და უნდა განსაჯოს, უბრძანოს და ჯოჯოხეთი მიუსაჯოს ურწმუნოებს, რომლებიც ღვთის სამართლიანობას ეწინააღმდეგებიან, რაოდენ ახალგაზრდაც არ უნდა იყოს მეფე. მას აქვს ძალაუფლება ურწმუნოებს ღვთის წინაშე ჯოჯოხეთი მიუსაჯოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ მეფეს შეუძლია ბოროტად და სურვილისამებრ გამოიყენოს თავისი ძალაუფლება. უფალი გვეუბნება რომ ვიმეფოთ ამ ქვეყნად. მაშ, ვიმეფოთ და შევიდეთ ცათა სასუფეველში.
თუმცა ზოგიერთი მართალი მეტისმეტად თავმდაბალია თავისი ძალაუფლების გამოსაყენებლად. უფალი გაკიცხავს მათ, როცა დაბრუნდება. "შენ უკუაგდე შენი რწმენა. რატომ იქცეოდი მონასავით? მე შენ მეფე გაგხადე". არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამ ქვევნად მონებივით იქცევიან. აქვს თუ არა აზრი მეფემ რომ თავის ქვეშემრდომებს "ბატონო"-ბით მიმართოს? და მაინც, ზოგიერთი მართალი ზუსტად ასე ლაპარაკობს, მიუხედავად იმისა, რომ ეს უაზრობაა. ისინი სამყაროსთვის მუხლმოდრეკილნი ითხოვენ შეწყალებას მას შემდეგაც კი, რაც ღმერთი მათ ცოდვისგან იხსნის. მეფე უნდა იყოს მეფური.
მე გამოვაცხადე დამოუკიდებელი მეფობა ამ ქვეყნიერების წინაშე, იმ წუთასვე როგორც კი მეფე გავხდი. მე მწამდა, რომ მეფე გავხდი და იქიდან მოყოლებული მეფურად ვიქცეოდი, თუმცა ახალგაზრდა ვიყავი.
ერთი კაცის, იესო ქრისთეს მორჩილებით
რომაელთა 5:18-19 ამბობს, "ამრიგად, თუ ერთის დანაშაულით ყველა ადამიანს დაედო მსჯავრი, ასევე ერთის სიმართლით ყველა ადამიანი გამართლდება სასიცოცხლოდ. ვინაიდან, როგორც ერთი კაცის ურჩობით ბევრი გახდა ცოდვილი, ასევე ერთის მორჩილებით ბევრი გახდება მართალი".
"ამრიგად, თუ ერთის დანაშაულით ყველა ადამიანს დაედო მსჯავრი". აქ მსჯავრი ნიშნავს განკითხვას. ადამიანი, რომელიც დაიბადა ადამის შთამომავლად და რომელიც არ იშვა წყლისა და სულისგან, თუნდაც იესოსი სწამდეს, მაინც განიკითხება. "ასევე ერთის სიმართლით ყველა ადამიანი გამართლდება სასიცოცხლოდ".
ყველა ადამიანი გამართლებულია იესოს ერთი სამართლიანი საქციელით, რომელიც იშვა ღვთისმშობლისგან და მოინათლა მდინარე იორდანეში სამყაროს ყველა ცოდვის ასაღებად. მან ყველას ნაცვლად ჯვარზე გაწირა თავისი სიცოცხლე, რათა ყველანი მართალი გავეხადეთ. მამა ღმერთის მიმართ ერთი კაცის მორჩილებით ბევრი მართალი გახდა.
მკაცრად რომ ვთქვათ, მსოფლიოს ყველა ადამიანი ცოდვილია თუ მართალი, თუ ამას რწმენის კუთხით შევხედავთ? ყველა მათგანი მართალია. ზოგი ბრაზდება და მეჩხუბება როცა რწმენით ამგვარ რამეს ვიძახი. სინამდვილეში, ღვთის თვალსაზრისით, არ არსებობს არც ერთი, ვისაც ცოდვა აქვს. ღმერთმა ამ ქვეყნად თავისი მხოლოდშობილი ძე გამოაგზავნა და მას ამ სამყაროს ყველა ცოდვა გადასცა და გაასამართლებინა იგი როგორც ყველა ადამიანის წარმომადგენელი.
ადამიანები, თავიანთი რწმენის მიხედვით, ან სამოთხის ან ჯოჯოხეთის სამეფოში ხვდებიან
ღმერთი აღარ ასამართლებს სამყაროს, ვინაიდან მან ყველა ადამიანის ნაცვლად იესო გაასამართლა. და მაინც, ზოგს ამის სჯერა, ზოგს კი არა, მიუხედავად იმისა, რომ ღვთის ძემ მათი ყველა ცოდვა წაიღო და ამოშალა ისინი ღვთის ნებისადმი მორჩილებით. მორწმუნეები ცათა სასუფეველში ღვთის სამართლიანობის რწმენით შედიან. ღმერთი მათ მართლებად აცხადებს და ამბობს: „თქვენ მართლები ხართ. თქვენ გწამთ, რომ მე ჭეშმარიტად გავანადგურე ყველა თქვენი ცოდვა. მოდით! მე თქვენთვის ცათა სასუფეველი გავამზადე". ისინი სრულყოფილად შედიან ცათა სასუფეველში.
მაგრამ ზოგს არ სჯერა მისი, უარყოფს სახარებას და ამბობს: „ღმერთო, ნუთუ ეს მართალია? მე ამას ვერ ვიჯერებ. მართალია? მე ნამდვილად არ მესმის". ღმერთი იტყვის: "რატომ მაბრაზებ? დამიჯერე, თუ დაჯერება გსურს, და ნუ დამიჯერებ , თუ არ გსურს". "მართალია წყლისა და სულის სახარება, უფალო?". "მე შენ უკვე გადაგარჩინე." "მე არ მჯერა. შემიძლია 90%-თ დაჯერება, მაგრამ ბოლო 10%-ს ვეჭვობ".
მაშინ ღმერთი ეტყვის მათ: "შენ არ გჯერა, თუმცა მე უკვე გიხსენი. შენი რწმენის მიხედვით მოიქეცი. მე გადავწყვიტე, რომ ისინი ვისაც როგორც ადამის შთამომავლებს ცოდვა აქვთ, ჯოჯოხეთში გამეგზავნა. მე ასევე ცათა სასუფეველი შევქმენი. თუ გსურს, შედი სამოთხის სასუფეველში, და თუ გსურს, მიდი ჯოჯოხეთში, მის ალში ჩასავარდნად”. მათ რწმენაზეა დამოკიდებული, შევლენ ისინი სამოთხის თუ ჯოჯოხეთის სამეფოში.
გწამთ თუ არა რომ იესომ გიხსნათ ყველა თქვენი ცოდვისგან თავისი ნათლობით და სისხლით, რომელიც მან ჯვარზე დაღვარა? ეს თქვენს რწმენაზეა დამოკიდებული. სამოთხის და ჯოჯოხეთის სამეფოთა შორის შუალედი არ არსებობს. არ არსებობს ისეთი რამ, როგორიცაა "არა" ღვთის წინაშე. არსებობს მხოლოდ "დიახ". ღმერთიც ასევე არასოდეს გვეუბნება "არა"-ს. ღმერთმა აღგვითქვა ყველაფერი და ყოველივე აღთქმული აღასრულა. მან წაშალა ცოდვილთა ყველა ცოდვა.
სადაც ცოდვამ იმრავლა, უფრო გაუხვდა მადლი
მოდით რომაელთა 5:20-21-ს შევხედოთ. “რჯული კი შემდეგ შემოვიდა, რომ ემრავლა დანაშაულს. ხოლო სადაც ცოდვამ იმრავლა, უფრო გაუხვდა მადლი, რათა, როგორც ცოდვა მეფობდა სიკვდილით, ასევე მადლს ემეფა სიმართლის მეოხებით საუკუნო სიცოცხლისათვის ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს მიერ”. რატომ შემოვიდა რჯული? რათა დანაშაულს ემრავლა. ადამიანები, როგორც ადამის ბუნებრივი შთამომავლები, გარდაუვალი ცოდვილები არიან. მაგრამ მათ არ იცოდნენ თავისი ცოდვილი ბუნების შესახებ და ამიტომაც ღმერთმა მათ, ცოდნის მისაცემად, რჯული დაუწესა, რადგან რჯული უბრძანებს თუ რა უნდა აკეთონ ან არ აკეთონ, და მათ აზრებში და საქმეებში რჯულისადმი დაუმორჩილებლობა ცოდვა ხდება.
რჯული შემოვიდა, რათა გამრავლებულიყო ცოდვა. ღმერთმა მოგვცა რჯული, რათა შეგვეცნო, რომ ვართ ღრმა ცოდვილები და ცოდვის გროვას წარმოვადგენთ. "მაგრამ, იქ სადაც ცოდვამ იმრავლა, უფრო გაუხვდა მადლი". ეს ნიშნავს, რომ ადამიანს, რომელიც როგორც ადამის შთამომავალი, ცოდვითურთ იბადება, მაგრამ თვლის, რომ ის ოდნავ ცოდვილია, არაფერი აქვს საერთო იესოსთან და მისი გადარჩენის ჭეშმარიტებასთან.
ამავე დროს, ვინც ფიქრობს, რომ აქვს ბევრი უძლურება და თავისი ხორცით ღმერთის სიტყვით თანახმად ცხოვრება არ შეუძლია, მადლობას უხდის უფალს, რომელმაც ის იხსნა. სახარება, რომელშიც ნათქვამია რომ უფალმა ერთბაშად ამოშალა სამყაროს ცოდვები, უდიდესი საჩუქარია ასეთი ადამიანისთვის. “მაგრამ სადაც ცოდვამ იმრვლა, უფრო გაუხვდა მადლი”. ეს ძღვენი უხვად იყო მოცემული, ამიტომ მძიმე ცოდვილები სრულყოფილად მართლები ხდებიან. ოდნავი ცოდვილები კი, რომლებიც თვლიან, რომ არ არიან ცოდვით სავსე, ჯოჯოხეთში წავლენ. მხოლოდ მძიმე ცოდვილები ხდებიან სრულყოფილად მართლები.
ადამიანი, რომელმაც იცის, რომ მძიმე ცოდვილია, აღმატებულად ადიდებს იესოს ხსნას. მსოფლიოში სახარების მქადაგებლებს შორის არის არც ისე ბევრი გულკეთილი მქადაგებელი. “სადაც ცოდვამ იმრავლა, უფრო გაუხვდა მადლი”. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ შეგნებულად უნდა შევცოდოთ, რათა მადლი გამრავლდეს.
პავლე მოციქული რომაელთა 6:1-ში ამბობს: "რაღა ვთქვათ? დავრჩეთ ცოდვაში, რათა მადლმა იმრავლოს? არამც და არამც!" პავლე გულისხმობს: "ჩვენ ხსნას ვღებულობთ, თუ უბრალოდ ღმერთის სამართლიანობის გვწამს. უფალმა უკვე წაშალა ყველა ჩვენი ცოდვა და უხვად იხსნა ცოდვილები ყველა მათი ცოდვისგან. ჩვენ გავხდით მართლები ჩვენი გულის წმენით. ჩვენ გადავრჩებით, თუ გვწამს იმის, რაც უფალმა გააკეთა. რაოდენ ბოროტნიც არ უნდა ვიყოთ ან რამდენჯერაც არ უნდა შევცოდოთ, ჩვენ საქმეთა გარეშე ვმართლდებით, ჭეშმარიტების რწმენით".
ჩვენ რწმენით ვხდებით მართალნი. რამდენად ბოროტია ჩვენი საქმეები? რამდენჯერ ვცოდავთ? რამდენი ნაკლი გვაქვს, როცა ღმერთი, რომელიც უცოდველია და წმიდაა, ჩვენს საქმეებს უყურებს? მე არ შემიძლია არ ვადიდო უფალი. რომაელთა 5:20-21-ში ნათქვამია: "ხოლო სადაც ცოდვამ იმრავლა, უფრო გაუხვდა მადლი, რათა, როგორც ცოდვა მეფობდა სიკვდილით, ასევე მადლს ემეფა სიმართლის მეოხებით საუკუნო სიცოცხლისათვის ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს მიერ."
ღმერთმა იესო ქრისტეს მეშვეობით მარადიული სიცოცხლე მოგვცა. უფლის სამართლიანობამ ჩვენ მასთან ერთად გაგვამეფა. მე ვადიდებ უფალს, რომელმაც უხვად იხსნა ცოდვილები ყველა მათი ცოდვისგან. მადლობა შენ, უფალო!